ზესტაფონის მერობისთვის პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე, გოგი წულაია იბრძოლებს. ზესტაფონის მერიის შენობის წინ წულაია პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ დღეს წარადგინა. წარდგენას დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც ესწრებოდა. აღსანიშნია, რომ ქალაქის მერიასთან გამართულ შეხვედრას თავად ქალაქ ზესტაფონის ამომრჩევლებიდან თითქმის არავინ დაესწრო. ოპოზიციური პარტიის კანდიდატის წარდგენაზე მისი მხარდამჭერები, ძირითადად, ადგილობრივი სოფლებიდან: ტაბაკინიდან, ილემიდან და სვირიდან იმყოფებოდნენ.
“ზესტაფონელებს არ დავპირდები, რომ ავაშენებ. მე არავის ავაშენებ, ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. ზესტაფონიდან დავიწყებ ბრძოლას რეალური თვითმმართველობისთვის“, – განაცხადა ამომრჩევლებთან შეხვედრისას წულაიამ.
მას შუალედურ არჩევნებში მხარს ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, “ეროვნულ-პატრიოტული მოძრაობა” და დამოუკიდებელი დეპუტატი – დავით ჭიჭინაძე უჭერენ.
გოგი წულაიამ საზოგადოებას ქუთაისში იუმორნარევი აქცია-პერფორმანსების გამართვით დაამახსოვრა თავი – მაგალითად, კუბოების მიტანა პარლამენტის შენობასთან, ორმოების სიმბოლურად ამოვსების აქცია და სხვა.
„კვირას“ მიერ გამოკითხული ზესტაფონელების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი ქალაქის მერი ქუთაისელი არ უნდა იყოს.