ავიაკატასტროფა ნეპალში – კიდევ ერთი ტრაგედია მსოფლიოში ყველაზე საშიშ აეროპორტში
ნეპალში, ქალაქ ლუკლაში, ტენცინგ-ჰილარის აეროპორტში ავიაკატასტროფის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ოთხი კი დაშავდა.
კომპანია “Summit Air”-ის მცირე ზომის თვითმფრინავი – Let-410, რომელიც კატმანდუს მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, აფრენისას კომპანია “Manang Air”-ის ვერტმფრენს შეეჯახა და ასაფრენი ბილიკიდან გადავარდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ნეპალის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს წარმომადგენელი ავრცელებს.
დაღუპულებს შორის პილოტი და ორი პოლიციელია, რომელიც ვერტმფრენის გვერდით იდგა.
აღნიშნულ აეროპორტს მსოფლიოში ყველაზე საშიშს, ასევე, “ჰიმალაის ჭიშკარსაც” უწოდებენ – ის ერთადერთია ევერესტის რაიონში და ზღვის დონიდან 2845 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მსოფლიოში ყველაზე საშიშად იმიტომ მიიჩნევა, რომ მას ყველაზე მოკლე ასაფრენი ბილიკი აქვს და მთიან რელიეფზეა განლაგებული, რაც თვითმფრინავის აფრენასა და დაშვებას ართულებს.