კანადაში მამაკაცმა ეკლესიაში მრევლს ცეცხლი გაუხსნა – თავდამსხმელი მსხვერპლს იცნობდა
კანადაში, ქალაქ სელმონ-არმის ეკლესიაში, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “CBC News”-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ეკლესიაში წირვის დროს შევიდა და მრევლს ცეცხლი გაუხსნა. 25 წლის თავდამსხმელი მრევლიდან რამდენიმე ადამიანმა მიწაზე დააგდო, რის შემდეგაც ის ადგილზე მისულმა პოლიციამ დააკავა.
როგორც ცნობილია, დაღუპულია ეკლესიის უხუცესი, გორდონ პარმენტერი. მრევლის დაშავებული წევრი ვერტმფრენით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში. თავდასხმის მოტივი, ამ დრომდე, უცნობია, მაგრამ პოლიცია მიიჩნევს, რომ ეს არ არის დაკავშირებული რელიგიასთან. მათი ცნობით, თავდამსხმელი დაღუპულსა და დაშავებულს იცნობდა.