გიორგი გოგლიჩიძე სოფელ ზორვეთისა და საზანოს მოსახლეობას შეხვდა
“ქართული ოცნების” ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე საარჩევნო პროგრამის ფარგლებში, სოფელ ზორვეთისა და საზანოს მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
ზორვეთის მოსახლეობის განცხადებით, სოფელს სასმელი წყალი პერიოდულად მიეწოდება. გარდა ამისა, მათ სპორტული კომპლექსის აშენებაც სურთ.
,,ძალიან კარგია სოფლის პროექტები რომ აღდგა, რადგან იქ თქვენი ინტერესებია გათვალისწინებული. სოფელში ზაფხულობით შრება ჭები, იქმნება პრობლემები. მერად არჩევის შემთხვევაში, მე თქვენ ყველა ამ პრობლემის მოგვარებას გპირდებით. ამ შეხვედრაზე, ასევე დაისვა სპორტდარბაზის მოწყობის საკითხიც. ზუსტად ასეთ ჩართულობას ვითხოვ ხალხისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა.
საზანოველი მოსახლეობა კი, ბაღის, გზებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების, ღამის განათების, აფთიაქის და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ითხოვს. მერობის კანდიდატის თქმით, წელს საზანოში ახალი ბაღი აშენდება.
მერობის კანდიდატმა 19 მაისს ელექტორატს მისი კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და დაჰპირდა, რომ ყველა ამ საკითხს ამომრჩევლის ნებით დღის წესრიგში დააყენებს.