პარტია ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულში მერობის კანდიდატად ზაურ დარგალის წარდგენისას, აღნიშნა, რომ მათი კანდიდატი არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს. მისივე თქმით, ხელისუფლება მიდის მომავლისკენ და წარსულში არასოდეს დაბრუნდება.
“საქართველო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით, თავისი მრავალეთნიკურობით და სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი სიძლიერე. ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაზე ზრუნავს და შრომობს, რა თქმა უნდა, ჩვენი სიმდიდრეა. მე მინდა, ამ რეგიონს და ამ ხალხს, განსაკუთრებულად მოვეფერო და მივესალმო.
საყოველთაოდ ცნობილი და დადასტურებული ფაქტია, რომ ამ მხარეში განსაკუთრებულად მშრომელი ხალხი ცხოვრობს. თქვენი შრომა არის საყოველთაოდ ცნობილი საქართველოში. მინდა, რამდენიმე სიტყვით ვისაუბრო ჩვენს ახალგაზრდა, საამაყო კანდიდატზე. ზაურ დარგალი არის მართლაც საამაყო მაგალითი, თუ როგორ უნდა შეძლოს ახალგაზრდა, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა, მიაღწიოს ძალიან დიდ წარმატებას თავისი შრომითა და განათლებით. მე მჯერა, რომ ზაურ დარგალი იქნება თქვენი საამაყო ქალაქის მერი. ის მოემსახურება მარნეულელ ხალხს, ის იზრუნებს თქვენს კეთილდღეობაზე და მუდამ თქვენს გვერდით იქნება.
რაც შეეხება მის ოპონენტს, მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენ მივდივართ მომავლისკენ და არასდროს არ დავბრუნდებით წარსულში. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების ხელწერა იყო ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრა, მათ წინააღმდეგ მიმართული არნახული ძალადობა, რომელიც 2012 წელს ჩვენ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, დავამარცხეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნურავის ნუ ექნება იმედი, ამ უსუსურ ოპონენტებს მივმართავ, რომ ისინი შეძლებენ, რაიმე ფორმით, შუღლისა და განხეთქილების შემოტანას ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ, ჩვენი გუნდი ამას არ დავუშვებთ და ამ არჩევნებზე ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.