„ახალგაზრდა ადვოკატები“: წალკის ყოფილი დეპუტატი, აიკ მელტონიანი, შესაძლოა, უდანაშაულოა და უკანონოდ იხდის სასჯელს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2016 წლის ივლისში წალკაში მომხდარ გახმაურებულ დანაშაულზე სამართლებრივი კვლევის შედეგები წარმოადგინა და საქართველოს უზენაესს სასამართლოს, მთავარ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველს სამართალწარმოების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე სარეკომენდაციო წინადადებით მიმართა.

ორგანიზაციის კვლევა ეხება მოვლენებს, თუ რატომ დაიჭირეს 2016 წელს და რამდენად სამართლიანად იხდის სასჯელს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წალკის ყოფილი დეპუტატი – აიკ მელტონიანი, იქნა თუ არა დანაშაულის არასწორი კვალიფიკაციისთვის გამოყენებული წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატის სამსონ თამარიანის გავლენები, რა სამართლებრივი პრეტენზიები იკვეთება პროკურატურის და სასამართლოს მიმართ, რამდენად შეძლო სახელმწიფომ დაეცვა სიცოცხლის უფლება და აქვს თუ არა შურისძიებით ჩადენილ დანაშაულს პოლიტიკურ უთანხმოებებთან კავშირი. საქმის მასალებით დგინდება, რომ მელტონიანებისა და თამარიანების ოჯახებებს ერთმანეთთან ნათესაური კავშირი აკავშირებთ, მაგრამ მათ შორის კონფლიქტი, მათ შორის – პოლიტიკური შეხედულებების გამო, მრავალი წელია ჩამოყალიბდა, რამაც განსაკუთრებული სიმძაფრე მმართველი პარტიის მხრიდან სამსონ თამარიანის მხარდაჭერის შემდგომ შეიძინა.

“ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, 2016 წლის 30 ივლისს სამსონ თამარიანის შვილმა, ოჯახებს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით მოკლა აიკ მელტონიანის ძმიშვილი. მოწმეები მიუთითებენ, თუ როგორ დაძრა სამსონ თამარიანის ძმამ მანქანა და წავიდა ძირს დაცემული, აიკ მელტონიანის შემდგომში გარდაცვლილი ძმისშვილისა და მასთან საშველად მისული პირების მიმართულებით, რა დროსაც ისმის აიკ მელტონიანის შვილის ხმა: „მამა, მიშველე“. ადგილზე შექმნილი ამ მძიმე ვითარების კვალდაკვალ, აიკ მელტონიანი სამსონ თამარიანის ძმის მიმართულებით ისვრის, რის შემდგომაც საფრთხე ნეიტრალდება და მანქანა მიმართულებას იცვლის. ორგანიზაცია ყურადღებას მიაქცევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმის შესახებ, რომ აიკ მელტონიანმა, რა დროსაც განახორციელა გასროლები სამსონ თამარიანის ძმის მიმართულებით, არ ჰქონდა უკიდურესი აუცილებლობა,  თამარიანის ქმედებით არ ემუქრებოდა საფრთხე მის შვილს, ან სხვათა სიცოცხლეს, რის გამოც მას ვერ გაუჩნდებოდა თავდაცვის სურვილი. დანაშაულის ჩადენამდე, მოხდა კიდევ ერთი დანაშაული. კერძოდ, სამსონ თამარიანმა სცადა აიკ მელტონიანის შვილზე მანქანის დაჯახება და მოახერხა ფეხზე გადავლა. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლომ, გამორიცხა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ხოლო ამჟამად განხილვის პროცესშია საქართველოს უზენაესს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან აუცილებელი მოგერიების ეპიზოდის ყოველმხრივ შემოწმებას პრინციპული და არსებითი მნიშვნელობა აქვს, რათა არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. მაღალი ალბათობით, აიკ მელტონიანის ქმედებას მიცემული აქვს არასწორი კვალიფიკაცია და აიკ მელტონიანი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აიკ მელტონიანმა თავისი თვალით ნახა თავისი ძმის შვილის სიკვდილი, რომელიც უგონოდ დაეცა მიწაზე. ასევე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ამ ფაქტს წინ უსწრებდა მისი შვილის მერგელ მელტონიანთან დაკავშირებული ინციდენტი და ჯანმრთელობის დაზიანება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ, მაღალი ალბათობით, აიკ მელტონიანის სასარგებლოდ გადასაწყვეტი ფაქტები გამოიყენა მის საწინააღმდეგოდ და გასაჩივრებულ განაჩანში აღინიშნა, რომ „ამ ყველაფერმა ერთობლიობაში ბრალდებულში უარყოფითი ემოცია გამოიწვია, რამაც უბიძგა მკვლელობის ჩადენისკენ“ (სტილი დაცულია). სასამართლო უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, წარმოეშვა თუ არა აიკ მელტონიანს აუცილებელი მოგერიების უფლება, სამველ თამარიანის მიმართულებით გასროლა ექცევა თუ არა ამ ლეგიტიმური უფლების ფარგლებში, გასროლა იყო თუ არა გამოწვეული თავდაცვითი მდგომარეობით და თამარიანის ქმედებაზე იმწუთიერი და დაუყოვნებლივ რეაგირებიდან გამომდინარე.

ორგანიზაცია შენიშნავს, რომ აიკ მელტონიანისა და ანდრანიკ მელტონიანის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში ამოღებული იქნა „112“-ის სამსახურში შემავალი ზარების ნუსხა, რომელიც საგამოძიებო უწყების მხრიდან სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა. აღნიშნული მტკიცებულების სასამართლოში წარდგენისა და მტკიცების ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ გამოძიების ინტერესებში უნდა ყოფილიყო, თუმცა, საგამოძიებო ორგანომ ამ მიმართულებით მოქმედების განხორცილება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რაც შესაძლო დაინტერესებასა და მიკერძოებაზე კითხვებს აჩენს. კერძოდ, სამსონ თამარიანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესაძლო არიდებაზე გამოძიების მხრიდან არ არის დაკითხული სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმები, რათა დადგენილიყო, თუ ვისი გამოძახებით მივიდნენ ისინი შემთხვევის ადგილზე (მერგელ მელტონიანის მიმართ დაჯახების ეპიზოდი). ქვემო ქართლის პროკურატურას წარედგინა აიკ მელტონიანის მობილური ტელეფონის შემავალ-გამავალი ზარის ნუსხა და მოთხოვნილ იქნა ობიექტური გადაწყვეტილების მიღება იმ პირთა დასადგენად და პასუხისგებაში მისაცემად, რომელთა მოვალეობის შეუსრულებლობამ გამოიწვია ახალი დანაშაულის ჩადენა – ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობა, თუმცა, დაკითხული პოლიციელები უარყოფენ აიკ მელტონიანის მხრიდან დარეკვასა და მასთან შეხვედრის ფაქტებს, რაც სრულიად შეუსაბამოა არსებულ დოკუმენტური მასალით დადგენილ სინამდვილესთან და შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა. საქმეს თან ერთვის განხორციელებული ზარების ხმოვანი ელექტრონული ჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ როგორ სთხოვს აიკ მელტონიანი დახმარებას, როგორც „112“-ის სამსახურს, ასევე, ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა, სამართლებრივი შედეგი ამ დრომდე საქმეზე არ დამდგარა.

სასამართლოს ქვემდგომ ინსტანციებს მიაჩნიათ, რომ აიკ მელტონიანმა სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა 17:00 საათზე, წარმოდგენილი დოკუმენტით კი დასტურდება, რომ ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობამდე მერგელ მელტონიანზე მიყენებული დაზიანება მოხდა 40 წუთით ადრე, რაც მიანიშნებს გასაჩივრებული განაჩენის დაუსაბუთებლობაზე. სასამართლო სხდომაზე წალკის რაიონის ავრალოს განყოფილების უფროსმა – ედვარდ ხაჩატრიანმა უარყო რაიმე სახის შეტყობინების მიღება და, მათ შორის, აიკ მელტონიანის დარეკვის ფაქტი, რაც დოკუმენტურად დადგენილ სიმართლეს ეწინააღმდეგება, უნდა შეფასდეს მცდარ უარყოფად და სასამართლოს ქვემდგომი ინსტანციების მიერ მისი გაზიარება არ წარმოადგენს ობიექტურ რეალობას.

ფაქტია, ანდრანიკ მელტონიანი ორჯერ, აიკ მელტონიანი კი ექვსჯერ დაუკავშირდა სამართალდამცავ ორგანოებს და სთხოვდა დახმარებას, თუმცა, სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა არ მიიღეს გადამჭრელი ზომები ადგილზე უსაფრთხოებისა და სიცოცხლის უფლების უზრუნველსაყოფად. გამოძიებამ არ მოიპოვა მტკიცებულებები „112“-დან და აიკ და ანდრანიკ მელტონიანების მიერ განხორციელებულ ზარზე მიღებულ ზომების შესახებ, არ ამოღებულა არც ხმოვანი ჩანაწერები, ასევე, არ გამოძიებულა აიკ მელტონიანის მიერ წალკის პოლიციის მთავარ სამმართველოში დეტექტივ მემედ აბდულაევთან დაფიქსირებული სატელეფონო შეტყობინების შინაარსი, რითაც დადგინდებოდა მკვლელობის ჩადენის რეალური დრო და მერგელ მელტონიანის დასახმარებლად გამოძახებულ პოლიციელთა, ედვარდ ხაჩატრიანის მიერ შესაძლო გადაცდომის ფაქტი, რასაც მოჰყვა დანაშაულის შეუტყობინებლობა, მტკიცებულებათა განადგურება, დაშავებული არასრულწლოვანის დახმარების გარეშე მიტოვება, გადაუდებელ ოპერატიულ ღონისძიებებზე უარი, რასაც შედეგად მოჰყვა ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობა.

  • მნიშვნელოვანია, სასამართლომ დასაშვებად ცნოს მელტონიანების საკასაციო საჩივრები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-წ მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ვინაიდან საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება და სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შესაძლოა, საქმეები განხილულია მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
  • მნიშვნელოვანია სწრაფი და მიუმხრობელი გამოძიების განხორციელება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე სისხლის სამართლის #042081116001 საქმეზე, რომელიც ეხება შსს წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს, საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით;
  • მნიშვნელოვანია, შესწავლილ იქნეს მელტონიანების ოჯახის მიერ ქვემო ქართლის საოლქო პროკურორ ლევან გეგეჭკორის მიმართ წარდგენილი სამართლებრივი პრეტენზიები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 97-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისობის დასადგენად და მხარეს მიეცეს ინსტიტუციური ნდობის აღქმა საგამოძიებო უწყებების მიმართ;
  • მნიშვნელოვანია სწრაფი და მიუმხრობელი გამოძიების განხორციელება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე სისხლის სამართლის #042030217801 საქმეზე, რომელიც ეხება ადვოკატის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის სავარაუდოდ ჩადენის ფაქტს, საქართველოს სსკ-ის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით;
  • მნიშვნელოვანია სწრაფი და მიუმხრობელი გამოძიების განხორციელება ქვემო ქართლის პოლიციის წალკის რაიონული სამმართველოს ავრანლოს განყოფილებაში მიმდინარე სისხლის სამართლის #PRE#690140 საქმეზე, რომელიც ეხება მელტონიანების განცხადებაზე რეაგირებას სამსონ თამარიანის მიერ იარაღის საჯაროდ ტარების ფაქტზე და მომდინარე საფრთხეების განეიტრალებას, ვინაიდან არ წახალისდეს ძალადობა ან/და ახალი დანაშაული;
  • მნიშვნელოვანია, საქმეზე შესწავლა განახორციელოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ვინაიდან დანაშაულის გამომწვევი საფუძვლები, მათ შორის, გამოწვეული პოლიტიკური ხასიათს გარემოებებიდან და მაღალია საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით თანამდებობის პირთა დაინტერესების რისკი”, – ნათქვამია “ახალგაზრდა ადვოკატების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ კვლევა 2019 წლის იანვარში დაიწყო და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 2019 წლის აპრილიდან გახადა. კვლევა გამოიცა ინგლისურ ენაზეც და მიეწოდათ საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები