„პატარა საქართველო, პირველად თავისი წევრობის ისტორიაში, ძალიან დიდ თანხას ნებაყოფლობით ჩადებს ევროპის საბჭოს გადარჩენის ოპერაციაში“

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე​ “შთამბეჭდავს” უწოდებს. მისი თქმით, პრემიერმა კარგად წარმოაჩინა ის, რომ საქართველო პროგრესის გზაზე დგას და ამას აღიარებს ყველა.
​წულუკიანის შეფასებით, საქართველო დემოკრატიის გზაზე მდგარი ის ევროპული ქვეყანაა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპის საბჭოს მსგავს ღირებულებებზე დაყრდნობილ სტრუქტურებს არ შეექმნას ფუნქციონირების პრობლემა.
„ფორუმი, რომლის წინაშეც წარდგა პრემიერმინისტრი, არის ევროპის საბჭოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, სადაც წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული საპარლამენტო დელეგაციები იღებდნენ მონაწილეობას, ანუ – პოლიტიკოსები. ეს პოლიტიკოსები იყოფიან სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფად და, რა თქმა უნდა, პრაქტიკაა ასეთი, რომ ქართველ დეპუტატებს, ან ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ, სთხოვონ ამა თუ იმ კითხვის დასმა. ეს მიღებული პრაქტიკაა. ამაში არც უხერხულია რაიმე, არც მიუღებელი და განსაკუთრებული. მთავარი არის ის, რომ მამუკა ბახტაძის გამოსვლა იყო შთამბეჭდავი. შთამბეჭდავი იყო იმითაც, რომ მან, რეალურად, იმ რეფორმების შედეგები აჩვენა წევრი ქვეყნების რეპუტაციებს, რომლებიც საქართველოს აქვს; აჩვენა ის, რომ საქართველო პროგრესის გზაზე დგას და ამას აღიარებს ყველა, რაც უნდა კრიტიკულად განწყობილი ევროპელი პოლიტიკოსი იყოს. ამას აღიარებენ ევროპის საბჭოს სტრუქტურები და ამას მოწმობს, ელემენტარულად, ციფრები, თუნდაც, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრებისა.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა, პირველად მას შემდეგ, რაც ჩვენ გავწევრიანდით ევროსაბჭოში, განაცხადი გააკეთა ისეთი, როგორსაც აკეთებენ დიდი ქვეყნები. თითქოს, შეუმჩნევლად შეეცადა ზოგიერთი, რომ გაეტარებინა. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა, როდესაც პატარა საქართველო, პირველად მისი წევრობის ისტორიაში, ძალიან დიდ თანხას ნებაყოფლობით ჩადებს ევროპის საბჭოს გადარჩენის ოპერაციაში. ამას სხვაგვარად არ ჰქვია, რადგან დიდმა ქვეყნებმა მას შეუწყვიტეს დაფინანსება. საქართველო არის დემოკრატიის გზაზე მდგარი ის ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპის საბჭოს მსგავს ღირებულებებზე დაყრდნობილ სტრუქტურებს არ შეექმნას ფუნქციონირების პრობლემა.
​ეს იყო ისტორიული განცხადება, ეს იყო ისტორიული ფაქტი და მნიშვნელოვანია, რომ ამას ჩვენ ხაზი გავუსვათ, როდესაც ჩვენი პატარა ქვეყანა დიდი ქვეყნის და კიდევ უფრო მნიშვნელოვან კონტრიბუციას იღებს, რომ გადაარჩინოს ევროპული სტრუქტურა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები