პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუატატის, თამარ ჩოგოშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ფრაქციებისთვის დაფინანსების გაზრდის საკითხს ეხება.
თამარ ჩუგოშვილი დაინტერესდა, თუ რატომ გაუჩნდა რომან გოცირიძეს, მაინცდამაინც ახლა, პარლამენტის ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ კითხვები, მით უფრო, რომ რომან გოცირიძე ხაზინდართა საბჭოს ერთ-ერთი წევრია.
„ძალიან სამარცხვინო პასუხია, რაღა ახლა გაუჩნდა რომან გოცირიძეს პარლამენტის ხარჯებთან დაკავშირებით კითხვებიო.
ხაზინდართა საბჭოს თითქმის ყველა სხდომაზე არ ვეთანხმებოდი იმ ფლანგვას, რაც პარლამენტში ხდება.
სულ ბოლო იყო ასეულ ათასობით ლარის გადაყრა ”სენსორებზე” პარლამენტის წყალმომარაგების გადაყვანასთან დაკავშირებით.
ასევე, წინა თვეს იყო, ხაზინდართა საბჭოსადმი დაუკითხავად, ყოფილი სასადილოს ნაწილის გადაკეთება სტამბის მოსაწყობად და მერე 350 ათასი ევროს ღირებულების სტამბის შეძენა, რომელიც არ სჭირდება პარლამენტს; ან ქუთაისის პარლამენტისათვის რკინის კილომეტრიანი ღობის შემოვლება (რომელიც ვერ მოესწრო), ან შტატების ყოველდღიური გაბერვა, ან კოლექტიური მივლინებები უცხოეთში და ა. შ. და ა. შ. პარლამენტში ტექნიკის, მომსახურებისა და რემონტების შესყიდვის გაქანებული მანიაა.
სწორედ ამიტომ ვითხოვთ აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტის ხარჯების რიგგარეშე შემოწმებას.
ქუთაისიდან პარლამენტი გადმოვიდა, ხარჯები კი გაიზარდა.
2019 წელს პარლამენტის ხარჯები, თითქმის, გაორმაგდა 2012 წელთან შედარებით.
ფრაქციის აპარატისთვის დამატებით ფული მოითხოვესო.
დიახ, თვეში ათასი ლარი. უმრავლესობას ეს არ სჭირდება. 15 კომიტეტსა და აპარატში ასაქმებენ თავიანთ ხალხს. წინა კვირას, 53 კაცი აიყვანეს და მილიონამდე ლარი გამოყვეს ამაზე.
რაც შეეხება ხაზინდართა საბჭოს – ბუტაფორიაა, სათათბირო ორგანოა. უნდა შეიცვალოს მისი როლი, სადაც უმცირესობას ექნება არაეფექტიანი და საეჭვო( დიახ, ძალიან საეჭვო) ხარჯების დაბლოკვის უფლება“, – აცხადებს რომან გოცირიძე და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
აღსანიშნია, რომ, მანამდე, თამარ ჩუგოშვილმა რომან გოცირიძის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვით დაინტერესდა და აუდიტის სამსახურის შემოწმება ითხოვა.
თამარ ჩუგოშვილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაზე გამჭვირვალე უწყებაა საქართველოში.
მისივე თქმით, „ოპოზიციამ მოითხოვა ფრაქციებისთვის დაფინანსების გაზრდა, რაც ბიუჯეტს წელიწადში, დამატებით, 240 000 ლარი დაუჯდებოდა და სწორედ ეს იქნებოდა არამიზნობრივი ხარჯი. ამიტომ, ამ მოთხოვნაზე ოპოზიციამ უარი მიიღო“.
„ეს უარი გახდა იმის საბაბი, რომ რომან გოცირიძეს ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ გაახსენდა პარლამენტის ბიუჯეტი. საქართველოს პარლამენტს, წლის განმავლობაში, არ გაუზრდია მოწვეული სპეციალისტების ფონდი. ყველა სპეციალისტი, რომელიც დაქირავებულია, მიმაგრებულია კომიტეტებზე და მათი საქმიანობა აუცილებელია კომიტეტების გამართული მუშაობისთვის. ეს რომან გოცირიძემ ძალიან კარგად იცის. ყოველთვის ასე მუშაობდა პარლამენტი და ასე აგრძელებს. რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს – პარლამენტის ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად, ოპოზიციის წევრების მივლინებაზე 400 000 ლარამდე იხარჯება. თუ ამ ხარჯის არამიზნობრივობას გულისხმობს ბატონი რომანი, შეგვიძლია, დავეთანხმოთ. რაც შეეხება შენობის ხარჯებს – ირონიულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვას აკრიტიკებს იმის გამო, რომ პარლამენტს, წლების განმავლობაში, ორი შენობის შენახვის ხარჯის გაწევა უწევდა. სწორედ მათი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების შედეგი იყო ეს ხარჯი. ვინაიდან მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მიიღო დედაქალაქში დაბრუნების გადაწყვეტილება, 2019 წლის პირველი ივნისიდან, ქუთაისის შენობის მოვლა-პატრონობის ხარჯები პარლამენტის ბიუჯეტიდან აღარ იქნება დაფარული“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში მილიონობით ლარი ნიავდება. ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, საჭიროა, აუდიტის სამსახურმა პარლამენტში სახსრების არარაციონალურად და საეჭვოდ ხარჯვის ფაქტები შეისწავლოს