რა უნდა ვიცოდეთ ბინის შეძენის დროს – 10 რჩევა მათთვის, ვინც ბინის ყიდვას აპირებს

“არეა ექსპო 2019” – საქართველოს უძრავი ქონების სფეროს მნიშვნელოვანი მოვლენა.

10 რჩევა მათთვის, ვინც ბინის ყიდვას აპირებს

უძრავი ქონების ყიდვა ის გადაწყვეტილებაა, რომელსაც ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე ვიღებთ. თავიდანვე აუცილებელია, განვსაზღვროთ, თუ რისთვის გვჭირდება უძრავი ქონება.

თუკი საცხოვრებელ ბინას ეძებ, აუცილებლად გადაავლე თვალი ჩვენს რჩევებს, რომლებიც მენაშენეთა ასოციაციასთან ერთად მოვამზადეთ:

რჩევა #1: სწორად შეარჩიე კომპანია და მისი სანდოობის ხარისხი

უძრავი ქონების შეძენისას დააზუსტე კომპანიის ასაკი, მისი სამუშაო გამოცდილება, მოინახულე ის ობიექტები, რომლებიც უკვე დასრულებულია. შეაფასე არამხოლოდ კორპუსის იერსახე, არამედ – სადარბაზოებისა და გარემოს კეთილმოწყობის ხარისხი. ეს დაგეხმარება, გაარკვიო, როგორ კონდიციამდე აბარებს ესა თუ ის სამშენებლო კომპანია საცხოვრებელ სახლს.

რჩევა #2: რაციონალურად შეარჩიე ბინის ფართი

ბინის ფართის შერჩევისას გაითვალისწინე ოჯახის წევრების შესაძლო რაოდენობა შესახლებიდან 5 წლის განმავლობაში. განსაზღვრე მათთვის საკმარისი ოთახების რაოდენობა და ოთახების ფართის მოცულობები. თუკი ტიხრების გაკეთებას თავად გეგმავ, გაითვალისწინე, რამდენი ღიობი, ანუ ფანჯარა ექნება შენს მომავალ ბინას – გახსოვდეს, რომ რამდენი ფანჯარაცაა სახლში, იმდენი ოთახი გექნება. გარდა ამისა, გაარკვიე, არის თუ არა გათვალისწინებული წინასწარ პროექტით კონდიციონერის აგრეგატისა და გათბობის ქვაბის ადგილი კორპუსში – თუ ეს ასეა, სახლის იერსახე დროთა განმავლობაში არ დამახინჯდება.

რჩევა #4: არ მოგატყუოთ არსებულმა ხედმა – ის შეიძლება, შეიცვალოს

დააზუსტეთ ბინიდან არსებული ხედის პერსპექტივა მომავალში – გაარკვიეთ, არის თუ არა გაყიდული უკვე კორპუსის წინ არსებული ტერიტორია და თუ კი, აპირებს თუ არა კომპანია, ან სხვა დეველოპერი, სამომავლოდ, მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას და რისი აშენება იგეგმება www.tas.ge -ზე.

რჩევა #5: როგორ შევამოწმოთ მშენებლობის ხარისხი?

მომხმარებლების ინფორმირებულობა მსგავსი უძრავი ქონების შეძენის დროს დღითიდღე იზრდება. იზრდება დაინტერესების ხარისხიც, რამდენად სანდო და უსაფრთხო იქნება კორპუსი, სადაც უნდა იცხოვროს ადამიანმა. როგორ შევამოწმოთ სამშენებლო მასალების ხარისხი?

პირველ ყოვლისა, მოითხოვე საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა და კონსტრუქციული პროექტი შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით; თუ ამ დასკვნაში ნათქვამია, რომ შენობის დაფუძნების ადგილას არსებობს გრუნტის წყლები, დარწმუნდი, რომ შენობის საძირკველსა და მიწაში ჩაღრმავებულ ნაწილს უკეთდება შესაბამისი ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები და დრენაჟი. გაარკვიე, რომელი კომპანიების ბეტონსა და არმატურას იყენებს მშენებელი კომპანია, მოითხოვე შესაბამისობის სერთიფიკატები; თუ შენი მომავალი ბინის თავზე მეზობლის ტერასა, ან სახურავია, მოითხოვე, დაგისაბუთონ, როგორ უზრუნველყოფს სამშენებლო კომპანია ჰიდრო- და თბოიზოლაციას. დააზუსტე ძირითადი სამშენებლო მასალების (მეტალოპლასტმასი, ბლოკი, ფასადი, ლითონის ნაკეთობები, სადენები, მილგაყვანილობა და ა.შ.) მომწოდებლები. გამოართვი კომპანიას დეტალური ინფორმაცია სამშენებლო მასალებთან დაკავშირებით.

რჩევა #6: სწორად შეარჩიეთ საცხოვრებელი გარემო

ყურადღება მიაქციე გარემოს უბანში და არამხოლოდ უბანს. რა არის ახლოს მომავალ საცხოვრებელ სახლთან? დარწმუნდი, რომ ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი, როგორიცაა: გაჩერება, მეტრო, აფთიაქი, მაღაზიები, სკვერები, საბავშვო ბაღი თუ სკოლა – ახლოსაა.

ასევე, წინასწარ გაარკვიე, აქვს თუ არა კორპუსს, ან კომპლექსს საკუთარი საპარკინგე ადგილი. ძირითადად, პროექტში მიწისქვეშა პარკინგების რაოდენობა ბევრად უფრო ნაკლებია ვიდრე, ბინებისა. წინასწარ უნდა გქონდეს ინფორმაცია, შეძლებ თუ არა პარკინგის შეძენას.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი უბანი გარეუბნად მიიჩნევა, ქალაქი ფართოვდება და ვითარდება. ამიტომაც, შეაფასე უბნის განვითარების პერსპექტივა მომავალში.

რჩევა #7: როდის სრულდება მშენებლობა?

ესაა ერთ-ერთი ყველაზე “ცხელი თემა”, რომელიც პირველ ყოვლისა უნდა გაარკვიო. გაარკვიე, როგორაა მომავალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაფინანსებული. უპირატესობა უკვე დაფინანსებულ პროექტებს მიანიჭე თავისა და ფინანსების დაზღვევის მიზნით. თუკი ბინა ხელში იაფად ჩაგივარდა, დააზუსტე, რა არის მისი დაბალი ფასის მიზეზი – ეს შეიძლება, იყოს მშენებლობის ადრეული სტადია, რომლის ფასიც მშენებლობის დასრულებამდე ორჯერ გაიზრდება; თუმცა, ამავე დროს, შესაძლოა, იყოს უხარისხო სამშენებლო მასალა, ან დეველოპერის შეცდომა – დაბალი ფასი ხშირად პროექტის ფინანსურად არასწორი გათვლის შედეგია.

რჩევა #8 – ფასადის მოვლა

მოიკითხე, აქვს თუ არა კომპანიას სახლის ფასადის დაცვის ხელშეკრულება. თუ არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში სახლი დამახიჯდება და მისი ღირებულება დაეცემა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაში არსებობდეს ასეთი ხელშეკრულება და ყველა თითოეულ მომხმარებელთან ფორმდებოდეს ის.

რჩევა #9: სახლის შემდგომი მოვლა

რა ხდება მას შემდეგ, რაც დეველოპერი თავის ვალდებულებას შეასრულებს და ბინას საკუთრებაში გადმოგცემს? ვინ იღებს ვალდებულებას სახლის შემდგომ მოვლა-პატრონობაზე? ვინ იზრუნებს ლიფტების გამართულ მუშაობაზე, მუდმივად დასუფთავებულ სადარბაზოებზე, შიდა და გარე განათებასა თუ ეზოში ნარგავებზე?

რჩევა #10 – გააკეთე სწორი ინვესტიცია

ყველაზე მეტად ფასში იმატებს გამოცდილი კომპანიის მიერ აშენებული ხარისხიანი უძრავი ქონება, რომელის მშენებლობის ხარისხიც მაღალია, არ ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და უზრუნველყოფილია სრული საუბნო ინფრასტრუქტურით. ასეთი უძრავი ქონება ყოველთვის უფრო მეტად იზრდება, ვიდრე – ერთეული, ერთმანეთზე მიჯრით აშენებული და გარემოსთან შეუსაბამო კორპუსები თუნდაც ქალაქის ცენტრში.

და ბოლოს, გახსოვდეს, რომ არსებული მობინადრე ყველაზე სანდო რეკომენდატორია. სანამ ბინას შეიძენ, აუცილებლად გამოკითხე მათ კმაყოფილების, თუ უკმაყოფილების მიზეზები დეტალურად.

ამ და სხვა თემებზე დეტალურად უძრავი ქონების სხვადასხვა დარგის სპეციალისტები 4-5 მაისს “არეა ექსპო 2019”-ზე “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” იმსჯელებენ. თუკი ბინის ყიდვას გეგმავ, აუცილებლად გვესტუმრე, გაესაუბრე ექსპერტებს, შეხვდი ყველა დეველოპერ კომპანიას ერთ სივრცეში და მიიღე მხოლოდ ამ დღეებისთვის განკუთვნილი სპეციალური შეთავაზება. დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრე ვებგვერდს.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები