გარემოს სააგენტო ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე აგრძელებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდისა (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
2, 3 და 4 აპრილს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 5 აპრილს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.ქუთაისში 1.9-ჯერ, 6 აპრილს ქ.რუსთავში 1.1-ჯერ და ქ.ქუთაისში 2.1-ჯერ, 7 აპრილს ქ.რუსთავში 1.8-ჯერ, ქ.ქუთაისში 2.1-ჯერ და ქ.ბათუმში 1.1-ჯერ, 8 აპრილს ქ.რუსთავში 1.5-ჯერ, ქ.ქუთაისში 2.1-ჯერ და ქ.ბათუმში 1.4-ჯერ, 9 აპრილს ქ.რუსთავში 1.3-ჯერ და ქ.ბათუმში 1.6-ჯერ.
მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1,1-ჯერ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.
ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად, გასულ კვირას, ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ყაზბეგის გამზ. N27, 52-ე საჯარო სკოლასთან; ზაჰესი, ცქიტიშვილის ქ.N39, საბავშვო ბაგა-ბაღთან; თავისუფლების ქ.N22, N208-ე საჯარო სკოლასთან; ს. ცოტაძის ქ.N5, N50 საბავშვო ბაგა-ბაღთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.
ყოველკვირეულად, ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები