კახა კალაძე: „ჭკვიანი კამერების“ შესაძენად მერია 4 000 000 ლარს დახარჯავს
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საავტობუსო ზოლებსა და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დაყენების მიზნით ტენდერი ცხადდება.
როგორც მან მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე აღნიშნა, ამისათვის მერია 4 000 000 ლარს დახარჯავს.
„ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს საავტობუსო ზოლებსა და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დაყენების მიზნით. ჩვენ, როცა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით ყველგან ვცდილობთ, რომ ევროპული სტანდარტი რაც არის, მაქსიმალურად გამოვიყენოთ დედაქალაქის ქუჩებში. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება. ქალაქში, საცობების თვალსაზრისით, არის სერიოზული პრობლემა და ზუსტად ასეთი პროექტებით არის შესაძლებელი, საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს, მოგვარდეს. ვიდეოკამერები, რომლებიც დამონტაჟდება, იქნება „ჭკვიანი კამერები“ და, რა თქმა უნდა, წესების დარღვევისთვის დაწესდება ჯარიმები, რადგან ავტობუსის ზოლზე ადამიანებმა არ უნდა იარონ. ველობილიკები საპარკინგედ აქვთ გადაქცეული. ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ. შესაბამისად, ჩვენ 4 000 000-ს ვხარჯავთ, რომ შევიძინოთ ეს კამერები. შეთანხმებული გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც”, – განაცხადა კახა კალაძემ.