ჟან-პოლ სივერაკის ფილმის თავისუფალი ჩვენება გაიმართება

14 აპრილს, 20 საათზე, „ფაბრიკის“ სახურავზე,  საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და „ფაბრიკა“ ჟან-პოლ სივერაკის 2018 წელს გადაღებული ფილმის „Mes provinciales“ თავისუფალ ჩვენებას მართავს. ფილმის ჩვენება საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობას“ ეგიდით იგეგმება.
ლიონიდან ჩამოსული ეტიენი დედაქალაქის რომანტიულ ციებ-ცხელებას ეცნობა. ის პარიზი 8 უნივერსიტეტის კინოფაკულტეტზე სწავლობს. გაიცნობს სტუდენტებს, რომელთა შორისაც არიან ჟან-ნოელი და მატიასი. ისინიც მასავით გატაცებულები არიან მე-7 ხელოვნებით.
ფილმი მეგობრობაზე, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ ცნობიერებაზე, სენტიმენტალურ გამოცდილებასა და კინოზეა.

„თაობა 2019“-ის შესახებ:

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და კულტურისა და განათლების ფონდის მიერ კინოფესტივალი „თაობა“ წელს მეორედ ჩატარდება და ხუთ საფესტივალო დღეს მოიცავს, 11-დან 15 აპრილის ჩათვლით. ფესტივალის მოდელი მორგებულია საუკეთესო უცხოურ გამოცდილებაზე, რაც კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდების კომუნიკაციის, კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების დონის განვითარებას, მასტერკლასების და ლექციების საშუალებით ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას და მათ უცხოურ კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობას გულისხმობს. კინოფესტივალის პროგრამა, გარდა კინოჩვენებებისა, ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, ვორკშოფებსა და დამატებით აქტივობებს.
2019 წელს საერთაშორისო ახალგაზრდულმა კინოფესტივალმა მიიღო ევროპის ფესტივალების ასოციაციის ხარისხის ნიშანი EFFE Label 2019-2020.
“თაობა” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ფაბრიკას მხარდაჭერით ტარდება.
მისამართი: ფაბრიკა – ეგნატე ნინოშვილის ქ.8.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები