„ფრანგული კინო: ახალი ტალღა, ახალი თაობა“ – ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

12 აპრილს, ეროვნული არქივის კინოთეატრში ფილმების რეტროსპექტივა სახელწოდებით –  „ფრანგული კინო: ახალი ტალღა, ახალი თაობა“- გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 12 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით, ნაჩვენები იქნება რვა ფრანგული მხატვრული და დოკუმენტური ფილმი მაღალი ხარისხით, ორიგინალის ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით, DCP ფორმატში: „ლიფტი ეშაფოტზე“ (1957), „400 დარტყმა“ (1959), „ერთი ზაფხულის ქრონიკა“ (1960), „პარიზი ჩვენ გვეკუთვნის“ (1961), „ჟიული და ჯიმი“ (1961), „ზიზღი“ (1963), „შეშლილი პიერო“ (1965), „ვიეტნამისგან შორს“ (1967).
სულ გაიმართება 16 სეანსი.

დასწრება თავისუფალია.

1960-იანი წლების დასაწყისიდან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ახალგაზრდა თაობის რეჟისორებმა კინოს გადაღების ტრადიციულ გზას გადაუხვიეს და კინოს ინდუსტრიაში არსებულ კლიშეებზე უარი თქვეს. კინემატოგრაფის განახლებას ტექნიკური შესაძლებლობების გაფართოებამაც შეუწყო ხელი (მსუბუქი კამერები, სინქრონული ხმა, მაღალი მგრძნობელობის კინოფირი).
ახალი ტალღის უნივერსალური ფენომენის სახელდება პირველად საფრანგეთში მოხდა და პირველი მასშტაბური გამოხატულებაც იქვე შეიძინა. ფილმების გადაღება დაიწყეს კინოკრიტიკოსებმა, რომლებიც ძველი კადრების განახლების და ახალი კინოენის აუცილებლობაზე წერდნენ.
რეტროსპექტივა შედგება ფრანსუა ტრიუფოს, ლუი მალის, ჟან-ლუკ გოდარის, ჟან რუშის, ედგარ მორენის, ჟაკ რივეტის, კრის მარკერის, ანიეს ვარდას და სხვა რეჟისორთა ფილმებისგან, რომლებმაც განსაზღვრეს საეტაპო ცვლილებები ფრანგულ მხატვრულ და დოკუმენტურ კინემატოგრაფში.
ღონისძიება იმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, თბილისისა და პარიზის ფრანგული ინსტიტუტების, ასევე საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობით.

მისამართი: ეროვნული არქივის კინოთეატრი, თბილისი, პეკინის 40 / ვაჟა-ფშაველას 1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები