ილია მეორე: მოსმენის კულტურა გვაკლია, ესეც ქართველი ადამიანის თვისებაა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია II-მ გადაცემა „იმედის დღეში“ 9 აპრილის ტრაგედიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქართველებს მოსმენის კულტურა გვაკლია. მისივე თქმით, ისიც გააზრებული უნდა გვქონდეს, რომ მტერი არ დაგვინდობს, ამიტომ მეტი სიბრძნეა საჭირო.
„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, დავინახოთ მომავალი. უნდა გავითვალისწინოთ, ვის ვებრძვით. უნდა ვიცოდეთ, რომ მტერი არ დაგვინდობს, მეტი სიბრძნე გვმართებს. ეს იყო საოცარი თავდადება, ეს იყო ბრძოლა მომავლისათვის, მომავალი თავისუფლებისთვის. არ უნდა დაგვჭირდეს ამდენი მსხვერპლი გაერთიანებისათვის. ჩვენ მუდამ ერთიანი უნდა ვიყოთ. ასეთი ბედი გვაქვს. ქართველი ადამიანი თავის თავს ადვილად სწირავს სამშობლოსთვის, მეგობრებისთვის…
ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ. მოსმენის კულტურა გვაკლია, ესეც ქართველი ადამიანის თვისებაა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება, სხვა ადამიანმა ჩემზე უკეთესი თქვას“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.