ქართულმა „ქარვისფერმა ღვინომ” OIV-ის მხარდაჭერა მოიპოვა
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში „ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის” შეტანის საკითხი განხილვის საბოლოო ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
პარიზში, OIV-ის სათაო ოფისში გამართულ სამუშაო შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა დაესწრო, სადაც „ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის” სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შეტანის საკითხმა სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერა მოიპოვა. OIV-ის პროცედურების შესაბამისად, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წელს იქნება მიღებული.
საფრანგეთში ვიზიტის დროს, ლევან მეხუზლამ, ასევე, მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში და შეხვედრები გამართა OIV-ის ხელმძღვანელობასთან.
„ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2017 წელს დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო (ქარვისფერი ღვინო) OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს. ამჟამად OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინოა: შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი” და საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად მთელს მსოფლიოში“, – აცხადებენ სააგენტოში.