„ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელი“ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გეგმავს

მართვის მოწმობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო რეგულაციები ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართულ პირებს უსპობს დასაქმების შესაძლებლობას, არღვევს მათ შრომის უფლებებს და ართმევს კონსტიტუციით მინიჭებულ გადაადგილების უფლებას – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ წარმომადგენლებმა – კოკა ლაბარტყავამ და კონსტანტინე რუხაძემ განაცხადეს.

მათი თქმით, პაციენტები ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გეგმავენ.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, 1-ელი აპრილიდან ძალაში შევიდა ახალი
საკანონმდებლო რეგულაციები მართვის მოწმობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რაც,
ნარკოტიკული თრობის შემთხვევაში, ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ
პასუხისმგებლობას, მათ შორის – საპატიმრო სასჯელს 1 წლის ვადით.

ერთმნიშვნელოვნად, როგორც ნარკოტიკების მომხმარებელთა თემი, ასევე მთლიანად
საზოგადოება ეწინააღმდეგება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი
ადამიანის მიერ საჭის ისევე,  როგორც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის ან სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვას.

თუმცა, მიგვაჩნია, რომ სასჯელი პირველივე
ჯერზე ადამიანების კრიმინალიზებით არაადეკვატურია, მძიმე და არალოგიკური თუ
შევადარებთ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის მიერ საჭის მართვას.
ზემოაღნიშნული რეგულაციები შსს-ის ოფიციალური განცხადებით ეხება ჩანაცვლებითი
თერაპიის პროგრამაში ჩართულ პირებსაც, რაც ეწინააღმდეგება პროგრამის უმთავრეს
დანიშნულებას – ნარკოტიკების მომხმარებლების საზოგადოებაში რესოციალიზაციას.
შესაბამისად, მკურნალობაში ჩართულ ადამიანებს უსპობს დასაქმების შესაძლებლობას.

აღსანიშნია, რომ ჯერ კიდევ ქვეყანაში მოქმედებს ნულოვანი ტოლერანტობისდროინდელი საკანონმდებლო რეგულაციები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სახით.
საპატიმრო დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით
ფლობისთვის სასჯელს იხდიან ადამიანები. მათ ეკისრებათ მაღალი ჯარიმები, რითაც
მძიმდება ოჯახებისა და გარკვეულწილად მთლიანად საზოგადოების სოციო-ეკონომიკური პირობები.
შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე პროგრამის მონაწილე პაციენტების
საინიციატივო ჯგუფის მიერ თბილისში 6 აპრილს 15:00სთ-ზე სახელმწიფო
კანცელარიასთან გაიმართება საპროტესტო აქცია“, – აცხადებენ „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები