ბარსელონაში მცხოვრები ქართველი: არ გვაქვს საქართველოში საშველი და აქაც არ გვაცლის ჩვენი მთავრობა

ესპანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას იხსენებენ.
როგორც ერთ-ერთი ქალბატონი “კურიერთან” საუბარში აცხადებს, სკოლის მიტოვებულ შენობაში გუშინ ასობით სპეცრაზმელი შევიდა.
​„სპეცრაზმი შემოვიდა 200-მდე, დაგვარბიეს, მიგვაყენეს ავტომატებით კედლებზე, ბავშვებიანად. ბავშვები ძალიან შეშინდნენ, კანკალებდნენ… რატომ ხდება და მთავრობამ ჩამოვიდა და თქვაო, რომ ქართველებს არაფერი არ სჭირთ გამოსაქცევი საქართველოდან… ტანშიც მზარავს, რომ საქართველოში ჩვენ არ გვაქვს შექმნილი ისეთი პირობა, რომ ვიცხოვროთ იქ. ნამდვილად არ მქონდა სურვილი, ჩემი სამშობლო დამეტოვებინა, ორი პატარა ბავშვით ვარ. ძალიან გული მტკივა, ცრემლები მომდის. არაფრით მინდა, რომ ჩემი საქართველო მქონდეს დატოვებული, მიყვარს და მენატრება, მაგრამ არ გვაქვს იქ საშველი, არ გვაძლევენ იმის საშუალებას. არც აქ… ჩამოვედი ამხელა გზა გამოვიარე და აქაც არ გვეძლევა იმისი საშუალება, რომ ვიარსებოთ. აქაც არ გვაცლის ჩვენი მთავრობა. ძალიან გული მტკივა, რომ ასეთი მთავრობის ხელში ვცხოვრობთ, ჩემი შვილების აყრა არ მინდოდა, მე მინდოდა გამეზარდა ჩემს სამშობლოში, ქართული ენა მესწავლებინა, მაგრამ არ მაცდის ჩვენი მთავრობა”, – ამბობს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე.
სპეცოპერაცია ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლებმა ბარსელონას სკოლის მიტოვებულ შენობაში გუშინ ჩაატარეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ქართველი ემიგრანტები მას შემდეგ შესახლდნენ, რაც ესპანეთმა მათ თავშესაფარზე უარი უთხრა და ქუჩაში დარჩნენ.
სპეცოპერაციისას 11 ქართველი დააკავეს. დაკავებულებს გამოძიება ბინის ქურდობასა და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები