ჟენევის, SWISS UMEF UNIVERSITY აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ოფიციალური პარტნიორია
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, დავით ჩერქეზიშვილი და ვიცერექტორი სამეცნიერო დარგში, პროფესორი შალვა მაჭავარიანი ჟენევის უნივერსიტეტის – SWISS UMEF UNIVERSITY-ის ოფიციალური მიწვევით ჟენევაში იმყოფებოდნენ. მათ უნივერსიტეტების განვითარების მექანიზმებსა და შესაძლებლობებზე გამართულ ვორკშოფში მიიღეს მონაწილეობა. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინფორმაციით, საქართველოსთან ერთად, ვორკშოფში მონაწილეობდა საფრანგეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის, ალჟირისა და სომხეთის ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სადაც EEU-ს ვიცერექტორმა, შალვა მაჭავარიანმა მოხსენება წარმოადგინა. ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ჟენევის უნივერსიტეტს – SWISS UMEF UNIVERSITY-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, EEU-ს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შვეიცარიაში, ჟენევის SWISS UMEF UNIVERSITY-სა და პარტნიორ ორგანიზაციებში გაიარონ სტაჟირება, პრაქტიკა, გაახორციელონ კვლევა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება, ხოლო სტუდენტების ხელმძღვანელობას SWISS UMEF UNIVERSITY-ის აკადემიური პერსონალი უზრუნველყოფს. მემორანდუმი, ასევე, SWISS UMEF UNIVERSITY-ისა და EEU-ს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობით, საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტური პროექტების ერთობლივად გახორციელებას მოიცავს. მემორანდუმს ხელი SWISS UMEF UNIVERSITY-ის პრეზიდენტმა, Djawed Sangel-მა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა მოაწერეს.