“ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდეს კეთილი ადამიანი და მომიაროს” – 71 წლის ექიმი, რომელიც 200-ლარიანი პენსიით ცხოვრობს

“ისტორია, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ტიპურია – ხანდაზმული ადამიანი სიცოცხლის უკანასკნელ წლებს მარტოობაში ატარებს. დიახ, ასეთი მოხუცები მრავლად არიან და მათ შორისაა 71 წლის მარიამ ნონიკაშვილი. მას სახსრების საშინელი ტკივილი აწუხებს, მუხლები პარალიზებული აქვს, უჭირს სუნთქვა, ხოლო საკვების უკმარისობისა  და ორგანიზმში ნივთიერებათა არასწორი ცვლის გამო, მთელი სხეული შეშუპებულია.

უკვე 5 წელია, რაც მარიამ ნონიკაშვილს არ შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა. იგი კეთილი ადამიანების იმედზეა დარჩენილი, თუმცა, მას არც ისე ხშირად აკითხავენ. ათასში ერთხელ, მეზობლის ქალი მივა,  ოთახს დაგვის,  ქოთანს გაიტანს, ეზოდან წყალს მოუტანს, დააპურებს… 

ეს ხანდაზმული ქალი ცხოვრობს ნახევრად დანგრეულ სახლში, რომელიც 1933 წელს მისი წინაპრების მიერაა აშენებული.  საცხოვრებლად მხოლოდ ერთი ოთახი გამოდგება, მაგრამ იქ არც წყალი, არც გაზი და არც საპირფარეშოა.

მარიამ ნონიკაშვილი პროფესიით ექიმი-ნევროპათოლოგია. მთელი ცხოვრება პროფესიულ საქმიანობას მიუძღვნა, მკურნალობდა პაციენტებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, უმკლავდებოდა ცხოვრებისეულ პრობლემებს, თუმცა, საკუთარი ოჯახის შექმნის შესაძლებლობა არ მიეცა.

ამჟამად, მის შემოსავალს პენსია წარმოადგენს – 200 ლარი, რომელიც წამლებში ეხარჯება. სოციალურ შემწეობას არ აძლევენ იმ მიზეზით, რომ „დენის ფულს იხდის“ .  

“ჩერნოვეცკის” ფონდის წარმომადგენელმა  მარიამ ნონიკაშვილს რამდენიმე კითხვით მიმართა:

-ადრე სად მუშაობდით?

მარიამ ნონიკაშვილი: თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გორის რაიონულ პოლიკლინიკაში გამანაწილეს. მოგვიანებით კი მუშაობა თბილისის მე-8 კლინიკურ საავადმყოფოში დავიწყე. 3 წელს კუნძულ კუბაზე ვიყავი მივლინებით და ადგილობრივ მოსახლეობას ვმკურნალობდი. სამშობლოში რომ დავბრუნდი, დავიცავი დისერტაცია და მუშაობა დავიწყე „შრომის დაცვის ინსპექციაში“, ასევე,  ეროვნული გვარდიის ექიმი გახლდით.

-გორის რაიონში როგორ აღმოჩნდით?

მარიამ ნონიკაშვილი: მოგეხსენებათ, რა რთული პერიოდი იყო 90-იანი წლები. ჩემს ოჯახს ძალიან გაუჭირდა. მშობლები ავადმყოფობდნენ, წამლისა და საჭმლის ფული არ მქონდა. გავყიდე თბილისში კაპიკებად ბინა და სოფელში გადმოვედით საცხოვრებლად.   ეს სახლი ჩემმა ბაბუამ ააშენა 30-იან წლებში.

-რამდენი წელია, რაც საწოლს ხართ მიჯაჭვული?

მარიამ ნონიკაშვილი:  უკვე 5 წელია. ძვლები მტკივა საშინლად, ფეხები სულ დასიებული მაქვს, მხოლოდ შემიძლია რის ვაი-ვაგლახით საწოლზე წამოჯდომა. ეტლი მაქვს, მაგრამ შიგ როგორ მოვხვდე?

-ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ?

მარიამ ნონიკაშვილი: არა, არ მეხმარება, თუმცა, საქმის კურსში არიან ჩემი სავალალო მდგომარეობის თაობაზე.

-ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად რა გესაჭიროებათ?

მარიამ ნონიკაშვილი: პირველ ყოვლისა, ეს არის წამლები და შემდეგ უკვე საკვები პროდუქტები. ძალიან მენატრება „გემრიელობები“, მაგრამ რა ვქნა, არ მაქვს…

-რა არის თქვენი ყველაზე დიდი სურვილი?

მარიამ ნონიკაშვილი: ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდეს კეთილი ადამიანი და მომიაროს. მე ბევრი არ მინდა, ხანდახან მაინც მომაკითხოს და მანუგეშოს, დამელაპარაკოს და ეს ოთახი დამილაგოს…

“მეგობრებო, მარიამ ნონიკაშვილის მდგომარეობა სავალალოა.  ჩვენ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თხოვნით, რათა განიხილონ ამ ხანდაზმული ადამიანის საკითხი და აღადგინონ სამართლიანობა.  სანამ ჩინოვნიკები საკითხს განიხილავენ, მოდით, არ დავტოვოთ მარიამ ნონიკაშვილი ყურადღების გარეშე და გავუწოდოთ მას დახმარების ხელი. თანხა შეგიძლიათ, გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ ნონიკაშვილი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც  “,- აცხადებენ ფონდში.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები