ნინო ბურჯანაძე: საზოგადოება გუშინ დარწმუნდა, რომ სააკაშვილი არსად არის ჩამომსვლელი

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება.
ნინო ბურჯანაძის შეფასებით, სააკაშვილის გამოსვლა ობიექტურად განწყობილი მსმენელის განწყობაზე სერიოზულ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენდა.
როგორც ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, საზოგადოება გუშინ დარწმუნდა, რომ სააკაშვილი არსად არის ჩამომსვლელი. „კიდეც რომ ჩამოვიდეს, მას არანაირი შანსი აქვს ხელისუფლებაში მობრუნებისა. ამიტომ, ნუ ვიქნებით მძევლები იმ თამაშისა, რომელიც სააკაშვილსა და ივანიშვილს აქვს ერთმანეთთან მიმართებით წამოწყებული”, – აცხადებს ბურჯანაძე.
ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტმა რუსეთის სამხედრო ბაზებზე ისაუბრა. „ვფიქრობ, სააკაშვილმა გააკეთა სენსაციური განცხადებები და მაინტერესებს, როგორ განწყობაზე არიან ის ადამიანები, რომლებიც ლამის სამშობლოს მოღალატედ მრაცხავდნენ მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მითქვამს – რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოში უნდა დარჩნენ – და ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოდან უნდა გავიდნენ და საქართველო იყოს უბლოკო სტატუსის მატარებელი ქვეყანა. გუშინდელი განცხადებები, მე მგონი, მათთვის შოკისმომგვრელი უნდა ყოფილიყო. ამ ტიპის მოლაპარაკებებზე, რაც გუშინ სააკაშვილმა გაახმოვანა, საქმის კურსში არ ვიყავი. ერთადერთი ვიცი, რომ მან ნამდვილად თქვა ასეთი ფრაზა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის დროს – „ჯერ დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ და მერე ჩვენ, შეიძლება, ნატო-ზე უარი ვთქვათ”. ამ ფორმულირებით ეს მას ნამდვილად აქვს ნათქვამი, მაგრამ იყო თუ არა სერიოზული მოლაპარაკებები მისი მხრიდან რუსული სამხედრო ბაზების დატოვების, ან ნატო-ზე უარის თქმის თაობაზე, პირადად მე, ამის საქმის კურსში ნამდვილად არ ვარ. თუმცა, ის, რაც სააკაშვილმა გამოაცხადა, შესწავლის საგანია”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები