„საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე” – ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანსაღი მომავლისთვის

საქართველოში, ყოველწლიურად, 29 მარტს თამბაქოს საწინააღმდეგო დღე – „საქართველო თამბაქოს გარეშე” აღინიშნება. მისი მიზანია თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობასა და თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა პრიორიტეტული თემა ეძღვნება. წელს ამ დღესთან დაკავშირებით, საფუძველი ჩაეყარა ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას „საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე”. მოძრაობას, რომელსაც მრავალი ცნობილი ადამიანი შეურთდა, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებს ჯანსაღი მომავლისთვის და თავადაც შემოუერთდეს კამპანიას.

„ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან მოვისმინეთ გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა. დასახელდა ის კონკრეტული მაჩვენებლები, რას უნდა მივაღწიოთ და რა გზებით. რაც მიზნად ისახავს, უპირველესად თამბაქოს მოხმარების შემცირებას მოზარდებში. დავსახეთ შემდეგი ნაბიჯები, შემდეგი მიზნები, რომლის საბოლოო შედეგს წარმოადგენს ის, რომ საქართველო გახდეს თავისუფალი თამბაქოს კვამლისგან”, – აღნიშნავს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე.

ღონისძიებაზე 112-ის მობილურ აპლიკაციაში ჩაშენებული თამბაქოს კომპონენტის პრეზენტაციაც გაიმართა. კერძოდ, მობილური აპლიკაციის რჩევების ნაწილს დაემატა ახალი კომპონენტი „თამბაქოს კონტროლი”. აღნიშნულ კომპონენტში დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცა, მოიძიოს ინფორმაცია როგორც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის თაობაზე, ასევე, ისიც, როგორ მოვიქცეთ, როდესაც ვხედავთ კანონდარღვევას, რა მავნე გავლენა აქვს თამბაქოს ჯანმრთელობაზე და როგორ დავანებოთ მოწევას თავი.

„112 აპლიკაციის ჩატის საშუალებით, ნებისმიერ მოქალაქეს მარტივად შეუძლია, შეგვატყობინოს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დარღვევები. ასევე, აღსანიშნავია, რომ მობილური აპლიკაციის სასარგებლო რჩევების ფუნქციას დაემატება ინფორმაცია თამბაქოს კონტროლის შესახებ, კერძოდ, სად იკრძალება თამბაქოს მოხმარება, როგორ უნდა მოვიქცეთ კანონდარღვევის შემთხვევაში, ასევე, როგორ შეგვიძლია დავანებოთ თავი თამბაქოს მოხმარებას”, – განმარტავს 112-ის სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი ლიკა ალადაშვილი.

ცნობისთვის, კანონდარღვევის ფაქტის დასაფიქსირებლად პირს შეუძლია მიმართოს 112-ს, კიდევ უფრო მარტივია, გამოიყენოს მობილური აპლიკაცია, რომელსაც აქვს როგორც ზარის განხორციელების, ისე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია. ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, ის უკავშირდება ოპერატორს ცოცხალი მიმოწერის რეჟიმში (live chat). მაგრამ თუ სურს დარჩეს ანონიმური, ამის შესახებ აცნობებს ოპერატორს.

„ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან სერიოზულია თამბაქოს გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. თამბაქოს მავნე ზემოქმედებით გამოწვეული ზიანი ციფრებში გამოიხატება, დაახლოებით მთლიანი შიდა პროდუქტის 2,4 პროცენტით, ანუ ეს არის 825 მილიონი ლარი ყოველწლიურად, რასაც ქვეყანა კარგავს თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანის შედეგად”,- თამბაქოს მოხმარების მწვავე პრობლემაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

„შარშან, პირ­ვე­ლი მა­ი­სი­დან 15 დე­კემ­ბრამ­დე 100 მო­ნი­ტო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 8000 ობი­ექ­ტი შე­მოწ­მდა. ამ ობი­ექ­ტე­ბი­დან დარ­ღვე­ვა 5%-ში და­ფიქ­სირ­და. 95%-ში კა­ნო­ნი სრულ­დე­ბო­და. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ციფ­რია, თუმ­ცა იყო გარ­კვე­უ­ლი ჩა­ვარ­დნე­ბი დე­კემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და იან­ვრის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, რა­ზეც რე­ა­გი­რე­ბა გვქონ­და და სუ­რა­თი იან­ვრის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. აუცილებელია, მო­ნი­ტო­რინ­გის ისევ სრულ­ფა­სოვ­ნად ჩა­ტა­რე­ბა. ეს ამ კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბი­სა და შეს­რუ­ლე­ბის უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნაა. კი მი­ვი­ღეთ ეფექ­ტი­ა­ნი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც კარ­გად სრულ­დე­ბა და­სა­წყის ეტაპ­ზე, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ 2-3 წლის მერე იგი­ვე სუ­რა­თი გვექ­ნე­ბა. ამი­ტომ ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა და მთვა­რო­ბა­საც ვთხოვთ, ასე­თი მონ­ი­ტო­რინ­გის პროგ­რა­მე­ბი გან­გრძო­ბა­დი იყოს”, – მას­შტა­ბუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცე­სის აუცილებლობაზე ისაუბრა თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ა­ნი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლმა გიორგი ბახტურიძემ.

ღონისძიებას, ასევე ,ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, 112-ის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები. ასევე, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ამავდროულად პრევენცირებადი პრობლემაა. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 890,000 არამწეველია და იღუპება მეორადი კვამლის (პასიური მოწევის) გავლენის გამო. თამბაქოს ეკონომიკური ზარალის გათვლები აჩვენებს, რომ საქართველოში პირდაპირი ჯანდაცვის დანახარჯები და არაპირდაპირი დანახარჯები (ნაადრევი სიკვდილი და სამუშაოზე მოწევასთან დაკავშირებული ხარჯები) 824.9 მილიონი ლარია, რაც ქვეყნის წლიური მშპ-ს 2.43%-ს შეადგენს. თამბაქოს კონტროლის ოთხი (თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა, საჯარო სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა, თამბაქოს პროდუქტის შეფუთვა და მარკირება) პრიორიტეტული მუხლის აღსრულების შემთხვევაში 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს 53 100 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას, რაც თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს; თამბაქოს კონტროლში ჩადებული ყოველი 1 ლარით უკუინვესტიციის სახით ქვეყანა მიიღებს 161 ლარს 5 წლის და 357 ლარს 15 წლის განმავლობაში.

2017 წელს პარლამენტმა მიიღო ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (კანონები თამბაქოს კონტროლის შესახებ, რეკლამის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი), რითიც საქართველო ხდება რეგიონში მოწინავე ქვეყანა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის კუთხით. მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ 2018 წლის 1-ლი მაისიდან დღემდე კანონის აღსრულება საკმაოდ ეფექტიანად მიმდინარეობს. აღსრულების დონე სამასპინძლო ბიზნესში 96%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები