მარნეულში, 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს, გრანტის სახით, 10 მილიონ ევროს გადმოსცემს. პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც მარნეულის მუნიციპალიტეტში, 32 დევნილი ოჯახისთვის, რომელიც ადგილზე, წლებია, ცხოვრობს და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა, სოფლის ტიპის დასახლება მოეწყობა. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საწყისი ბიუჯეტი 25 ათასი ევროა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან, მამუკა ცოტნიაშვილთან; ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორთან, ვინსენტ დონტომთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში გასახორცილებელი გეგმები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ცნობისათვის, გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, საგანმანათლებლო მიმართულებით, იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელება, გაიცემა გრანტები ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით და 260-მდე ახალგაზრდა დევნილი გაივლის პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს. შოთა რეხვიაშვილმა, შეხვედრის მიმდინარეობისას, ისაუბრა რუსთავის კონკრეტულ უბნებში სააღმზრდელო დაწესებულებების სიმცირეზე და, პროექტის ფარგლებში, შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდაცია ქალაქში ამ მიმართულებით გასახორციელებელ სამუშაოებს გაუწია. აღსანიშნია, რომ პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2021 წელს დასრულდება. დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი 22 თებერვალს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა, კლაუს ფაიგელმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ვინსენტ დონტომმა მოაწერეს.