ლევან დავითაშვილი „ალმერიის აგრარული მოდელის“ პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი „ალმერიის აგრარული მოდელის“ პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება ალმერიის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და „ევრობიზნეს კონსალთინგის“ ორგანიზებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა.
„ალმერიის განვითარების მოდელის“ საფუძველზე ესპანეთის ალმერიის რეგიონმა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას გასული 50 წლის მანძილზე მიაღწია. ალმერიის მოდელის გახორციელების პროცესში, დაიხვეწა და განვითარდა სასათბურე მეურნეობები, სარწყავი სისტემები, სანერგე მეურნეობები, ბიოლოგიური კონტროლის მეთოდები, აგროქიმიკატებისა და სასუქების გამოყენების სისტემა, ენერგოეფექტურობის მეთოდები, განვითარდა პროდუქტის შეფუთვის ფორმები, შენახვა-დასაწყობების სისტემები, ბიზნეს-ასოციაციები, აგროინდუსტრიის სასწავლო პროგრამები და სხვა“, – აღნიშნა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ალმერიის განვითარების მოდელი“ საინტერესო პრაქტიკაა საქართველოსა და ქართველი ინვესტორებისთვის.
„ალმერიის მოდელი საკმაოდ ცნობილია და წარმატების მაგალითია, რომლითაც რამდენიმე ქვეყანა დაინტერესდა და პრაქტიკაში გაახორციელა. ეს მოდელი ჩვენთვისაც საინტერესოა და ვიმედოვნებთ, რომ „ალმერიის განვითარების მოდელით“ ქართველი მეწარმეებიც დაინტერესდებიან და ამ კუთხით თანამშრომლობის პირველი მაგალითები გაჩნდება. უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანასთან ამ მოდელის ადაპტირება და გახორციელება სასარგებლო იქნება და ახალ მუხტს მისცემს სასათბურე მეურნეობების განვითარებას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს ესპანეთიდან ალმერიის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ვიქტორ კრუსი ჩაერთო, რომლის განცხადებითაც „ალმერიის განვითარების მოდელი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გახდა მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით – აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში.
პრეზენტაციაზე განიხილეს მოდელის სხვადასხვა ასპექტი და საქართველოში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები