იურისტები: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისიამ შეფასებისას გაითვალისწინოს ის, რაც ჩვენს მართლმსაჯულებას სჭირს

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიამ შეფასებისას გაითვალსწინოს ქვეყანაში არსებული კონტექსტი, ის, რაც ჩვენს მართლმსაჯულებას დღეს სჭირს”, – ამის შესახებ ადვოკატმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, მაია ბაქრაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იურისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა ვენეციის კომისიას მიმართა. ამის შესახებ პრესკონფერნეციაზე იურისტებმა: კახა კოჟორიძემ, ანა ნაცვლიშვილმა და მაია ბაქრაძემ ისაუბრეს. როგორც იურისტები აცხადებენ, მათ კომისიას მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს მართლმსაჯულებაში არსებული ვითარებისა და იმ რისკების თაობაზე, რომლებსაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავს.
„პირველი მოსმენით, კანონპროექტი უკვე მიღებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მან პრინციპების დონეზე უკვე მოიპოვა მხარდაჭერა. განხილვა გაგრძელდება 19 აპრილს მეორე მოსმენით, როდესაც მოხდება მუხლობრივი შინაარსის განხილვა. გუშინ, ვნახეთ კანონპროექტის ავტორის ანრი ოხანაშვილის განცხადება, რომელმაც ბრძანა, რომ 19 აპრილს იქნება განხილვა და სთხოვა ვენეციის კომისიას, რომ სწორედ ამ რიცხვისთვის მოამზადოს დასკვნა, რადგან განხილვა არ გადაიდოს. რჩება შთაბეჭდილება, რომ წინააღმდეგობაშია პარლამენტის წევრთა დაპირება იმის თაობაზე, რომ თუ ვენეციის კომისიას ექნება პრინციპებთან დაკავშირებული შენიშვნები, დაბრუნდებიან ციკლით უკან, პირველ მოსმენაზე და თავიდან დაიწყებენ პრინციპების დონეზე განხილვას.
ჩვენი მიმართვა და თხოვნა ვენეციის კომისიისადმი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მათ იმსჯელონ არამხოლოდ კანონის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ნამდვილად არ არის სადავო და არ ვიცი, 21-ე საუკუნეში რატომ გახდა ასეთი აქტუალური, რომ კანონი კონსტიტუციური უნდა იყოს. ეს ისედაც ცხადია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიამ შეფასებისას გაითვალსიწინოს ქვეყანაში არსებული კონტექსტი, ის, რაც ჩვენს მართლმსაჯულებას დღეს სჭირს“, –  განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დღეს იურისტებმა: ანა ნაცვლიშვილმა, კახა კოჟორიძემ და მაია ბაქრაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები