სოფო კილაძე: ფაქტია, რომ უპასუხისმგებლო, მეტ მოგებაზე ორიენტირებულ ზოგიერთ კომპანიას არ აქვს სანქციების შიში

“ფაქტია, რომ ჩვენ მიერ მიღებული კანონები არ არის საკმარისი ადამიანების სიცოცხლის დასაცავად”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე სოციალურ ქსელში წერს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ უპასუხისმგებლო, მეტ მოგებაზე ორიენტირებულ ზოგიერთ კომპანიას არ აქვს სანქციების შიში. “სიტუაცია არის ძალიან მძიმე. ჩვენი არაერთი რეფორმის მიუხედავად, უკვე მერამდენე ადამიანი იღუპება სამუშაო ადგილზე. ჩვენი შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა ვერ იცავს ადამიანებს სიკვდილისგან. ფაქტია, რომ ჩვენ მიერ მიღებული კანონები არ არის საკმარისი ადამიანების სიცოცხლის დასაცავად. ვხედავთ, რომ გვაქვს უკეთესი აღსრულების მექანიზმები. ფაქტია, რომ უპასუხისმგებლო, მეტ მოგებაზე ორიენტირებულ ზოგიერთ კომპანიას არ აქვს სანქციების შიში. რა არის გამოსავალი? გამოსავალია სანქციების გამკაცრება და აღსრულების გაუმჯობესება. ამას სჭირდება საბიუჯეტო თანხები. და თუ ფინანსთა მინისტრი გვეტყვის, რომ მას არ აქვს ამისთვის ფული ბიუჯეტში, ჩვენი პასუხი იქნება, რომ უნდა გამოვნახოთ! არ შეიძლება ბიზნესის სოლიდური მოგების დაცვა ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე”, – წერს სოფო კილაძე. შეგახსენებთ, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა 31 მარტს ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა მომხდარიდან ცოტა ხანში დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები