ემზარ კვიციანი: ეს “ქურდული” ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, რატომღაც, “ქურდული” დაარქვეს (ვიდეო)
დეპუტატმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას კანონმდებლობის ის ნორმა გააპროტესტა, რომელის მიხედვითაც ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა დასჯადია. საუბარია 223-ე პრიმა მუხლზე, რომლის მიხედვითაც „ქურდული სამყაროს“ წევრობა, ასევე, „კანონიერი ქურდობა“ ისჯება თავისუფლების აღკვეთით. „მინდა, შევეხო ერთ თემას, რასაც ჰქვია “ქურდული ტრადიციები” და ამ 223-ე პრიმა მუხლს, რომელიც ახალგაზრდა ქართველების გენოციდისთვის არის გამოგონებული. ხუთი ახალგაზრდა დაიჭირეს იმის გამო, რომ 20-20, თუ 30 ლარი ვიღაცა “კანონიერი ქურდის” დედას შეუგროვეს. იმისთვის, რომ ჩავიდეს თავის შვილთან, ან რა არის ეს “ქურდული ტრადიციები”, ვინმე დაფიქრებულა ამაზე? ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, კავკასიური ტრადიციებიდან და, რატომღაც, “ქურდული” დაარქვეს. ჩვენ კიდევ ამ კავკასიური და ქართული ტრადიციების გულისთვის ციხეში გავუშვათ ყველა და მაშინ ჩავსხდეთ ყველა ციხეში. ამასთან დაკავშირებით მართლა რაღაცაა მოსაფიქრებელი. ეს არის სპეციალურად გაკეთებული. გასაგებია, რომ რუსეთს აწყობდა, მთელი “ქურდული სამყარო” წასულიყო დასავლეთში, რომ გაეკონტროლებინა მთელი ქუჩა დასავლეთში, მაგრამ ჩვენ, ქართველები რა შუაში ვართ?“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა.