“დირსის” დირექტორი: არ შეიძლება არცერთი მიზეზითა და არცერთი გზით კერძო საკუთრების “ტყვეობაში” აყვანა
სამშენებლო კომპანია “დირსის” გენერალური დირექტორი, ბესიკ ჯიქურაული იმედოვნებს, რომ კორპუსში, სადაც დევნილები უკანონოდ არიან შეჭრილები, სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად იმუშავებენ და მალე აღკვეთენ ამ ფაქტს. როგორც მან აღნიშნა, მათი ამგვარი ქმედება ზიანს აყენებს კომპანიის ინვესტიციას. “მათ ვანდალურად დაამტვრიეს შესასვლელი კარები, ასევე, ბინის შიდა კარები. ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი დაცვის სამსახურის თანამშრომლებს. დაიკავეს შიგნით სადარბაზოები და გამოიკეტნენ. ეს არის კერძო საკუთრების ძალიან ცუდი გზით შელახვა, რაც არის დაუშვებელი. პოლიცია და პატრული უმაღლეს დონეზე მუშაობს. თუმცა, მათ არ აქვთ უფლება, რომ იძულების წესით გამოიყვანონ გარეთ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, სახელმწიფო ორგანოები ძალიან სწრაფად ჩაერთვებიან მიმდინარე პროცესებში. უკვე მესამე დღეა, ეს სიტუაცია გვაქვს და ამის გაგრძელება ასე არ შეიძლება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად იმუშავებენ და მალე აღკვეთენ ამ ფაქტს იმიტომ, რომ ეს არის უკანონობა. მინდა, მათ მოვუწოდო, რომ ეს არის კერძო საკუთრება, ეს არის ჩვენი ქონება. მათი ქმედებით ზიანი ადგება ჩვენს ინვესტიციას. არ შეიძლება არცერთი მიზეზითა და არცერთი გზით კერძო საკუთრების “ტყვეობაში” აყვანა”, განაცხადა “დირსის” გენერალურმა დირექტორმა, ბესიკ ჯიქურაულმა. შეგახსენებთ, რომ “დირსის” მშენებარე ორ კორპუსში აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ოჯახი კვირას შეიჭრა. ისინი საცხოვრებელი კორპუსების პირველ სართულებზე, სადარბაზოებში არიან განლაგებულები. დევნილები საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ. ამ მოთხოვნაზე უარით უპასუხა ჯანდაცვისა და დევნილთა განსახლების სამინისტრომ და მათ ბინების დატოვებისკენ მოუწოდა. ტერიტორიაზე მობილიზებულია როგორც დაცვის პოლიცია, ისე – საპატრულო ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოებას იცავენ.