საქართველოში აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობა იწყება

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ​თბილისის მერმა პროექტის მნიშვნელობასა და მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არსებულ მხარდაჭერაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დედაქალაქის მერიამ ფონდს პროექტის გასახორციელებლად ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა. „აღსანიშნია, რომ ამ სფეროში, წლების განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პრობლემა და გამოწვევა არსებობდა.თუმცა, ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ის, რომ დედაქალაქის მერიამ 2015 წლიდან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსება დაიწყო. დღეს, ეს დაფინანსება შვიდჯერაა გაზრდილი და, დაახლოებით, ოთხ მილიონ ლარს უთანაბრდება. ამ ეტაპზე, 951 ბენეფიციარი გვყავს, თუმცა, პრობლემები დღესაც არსებობს. მაგალითად, 16 წლის ზემოთ ასაკის ახალგაზრდებისთვის არ არსებობს სერვისცენტრები. ამ პროექტით კი შევძლებთ, აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. დედაქალაქის მერიამ, დაახლოებით, ორი ჰექტარი მიწა გადასცა ფონდს იმისთვის, რომ ეს პროექტი გახორციელდეს. მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა მშენებლობის ყველა ეტაპზე. მზად ვარ, თქვენთან ერთად ჩავება კამპანიაში, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ბიზნესსექტორის მეტი წარმომადგენელი ჩავრთოთ აღნიშნულ საპატიო პროცესში და ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების გახორციელება. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევითა და სახელმწიფოს თანადგომით შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს“, – განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისათვის, აუტიზმის ეროვნული ცენტრი, რომელიც რეგიონული მნიშვნელობისაა და ანალოგი არ აქვს, აუტისტური სპექტრის მქონე 16 წელს ზემოთ მოქალაქეებს მოემსახურება. ცენტრში არსებული სერვისები მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და უნიკალური უნარების განვითარებაში დაეხმარება. ​კომპლექსის მნიშვნელოვან მიმართულებას სოციალური საწარმოების კომპონენტი წარმოადგენს, რაც აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდ და ზრდასრულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, სამუშაო უნარ-ჩვევები შეიძინონ, დასაქმდნენ და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ. ცენტრის კონცეფცია მოიცავს, ასევე, ინკლუზიურ კომპონენტს. აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას, რომელიც „აუტიზმის კვლევისა და ხელის შეწყობის ფონდის“ ორგანიზებით გაიმართა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის, პარლამენტის, თბილისის მერიისა და საკრებულოს წევრები, ასევე, რაგბის ეროვნული ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების წევრები, ფონდის საქმიანობის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები