გიორგი გახარია: კარგად გვესმის, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკაში ცვლილებები არ არის, მხოლოდდამხოლოდ, შს სამინისტროს საქმე

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა და 2018 წლის დანაშაულის სტატისტიკა გააცნო. შეხვედრაზე, ასევე, განხილეს დანაშაულის ცალკეული მიმართულებების მიხედვით, სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილების საკითხები. მინისტრის განცხადებით, სტატისტიკაზე დაყრდნობით შინაგან საქმეთა სამინსიტროში მიმდინარეობს ანალიზი, თუ რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ყველა მხარის მონაწილეობით.
„დღეს, ჩვენ, პირველ ყოვლისა, ვხვდებით ექსპერტებს, არასამთავრობოებს და ჩვენი შეხვედრის მიზანი და ამ შეხვედრებს გავაგრძელებთ, სხვათაშორის რაზეც ვსაუბრობთ, შეიძლება პოლიტიკური მსჯელობის საგანიც გახდეს. ჩვენ ვისაუბრებთ სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილებაზე. მოგეხსენებათ, რომ სტატისტიკური აღრიცხვიანობის გაუმჯობესების შემდგომ, უკვე მონაცემების 1 წლის ბაზა დაგვიგროვდა და ვდგამთ შემდეგ ნაბიჯს. ეს შემდეგი ნაბიჯი გახლავთ სტატისტიკური მონაცემების ღრმა ანალიზი, რომელიც უნდა გახდეს სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილების საფუძველი, რათა ის გახდეს უფრო ეფექტური. ეს არის ამ შეხვედრების ძირითადი არსი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკაში ცვლილებები არ არის მხოლოდ და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე, ეს გახლავთ მთლიანად მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ძირითადი ამოცანა და რა თქმა უნდა, საზოგადოების სამოქალაქო საზოგადოება და სხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის ექსპერტები, არასამთავრობოები, პოლიტიკური პარტიები ამ პროცესში უნდა იყვნენ ჩართულები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უკვე დაგვიგროვდა აბსოლუტურად ლეგიტიმური, ერთი წლის სტატისტიკური მონაცემები, რომლის ღრმა ანალიზი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა უკვე დაიწყო და შესაბამისად ეს უნდა გახდეს საფუძველი, რომ რამდენიმეთვიანი აქტიური მუშაობის შემდეგ, დაახლოებით შემოდგომისთვის, ყველა მხარე ერთად შევთანხმდეთ, რა სახის სისხლის სამართლის პოლიტიკა სჭირდება ქვეყანას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ მუშაობის ძირითადი ამოცანა იქნება ეფექტურობის ზრდა“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც უკვე დაგროვილია, დანაშაულის რამდენიმე მიმართულებით ზრდაზე მიუთითებს
„განსაკუთრებით, ეს გახლავთ ისეთი დანაშაულები, როგორებიცაა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული – ქურდობა, არის, ასევე, ფიზიკური ზემოქმედების ნაწილში დანაშაულის ზრდა, ოჯახური ძალადობა. არის მსუბუქი დაჭრების ნაწილშიც ზრდა, თუმცა, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ მძიმე დანაშაული, ორგანიზებული დანაშაული აბსოლუტურად კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და ამ მუხლებით ჩვენ გვაქვს იგივე მდგომარეობა ან შედარებით კლება. ზუსტად ახლა არის ის მომენტი, როცა სადაც ზრდა გვაქვს, ეს გახლავთ წვრილმანი, ყოფით ნიადაგზე სპონტანურად ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეფექტურობის და ხარისხიანი მუშაობის ხარჯზე გვქონდეს წარმატებები. თითოეული ჩვენი მოქალაქე წყნარად, მშვიდად შრომობდეს, არჩენდეს თავის ოჯახს, ზრუნავდეს თავის წარმატებულ მომავალზე. შევთანხმდეთ იმაზე, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა და დაწყებული მუშაობა, ღრმა და ეფექტური ანალიზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ცვლილებებისათვის. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ძირითადი ზრდა მოდის ქურდობებზე, მიზეზი აქ შეიძლება სხვადასხვა იყოს. პირველი – ქურდობა ერთ-ერთი ყველაზე ძნელად გახსნადი დანაშაულია და აქ სტატისტიკის გაუმჯობესებას თავისი წვლილი ჰქონდა, თუმცა, სხვა ფაქტორებიც არის.
მოგეხსენებათ, რომ სისტემა თვითონ გახდა ბევრად ჰუმანური. მაგალითად, დღეს, სხვადასხვა სახის წვრილმანი ქურდობისთვის შეიძლება ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობით ადამიანი, მხოლოდდამხოლოდ, ჯარიმით გათავისუფლდეს და კიდევ ბევრი რამ. ამიტომ, ამას სჭირდება ღრმა ანალიზი იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა იყოს უფრო ეფექტური, რამეთუ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ჩვენ მოქალაქეებს დღეს აწუხებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები