„თავდამსხმელების მხრიდან ჭიქის და ცხელი წყლის გამოყენება სრულ სილაჩრეზე მიუთითებს“
კონსტანტინე გამსახურდია “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრზე ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ თავდამსხმელების მხრიდან ჭიქის და ცხელი წყლის გამოყენება სრულ სილაჩრეზე მიუთითებს, რადგან მინასაც და მდუღარე წყალსაც მძიმე სხეულებრივი დაზიანების გამოწვევა შეუძლიათ. როგორც გამსახურდია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, საქართველოში ფიზიკური ანგარიშსწორებები უნდა დასრულდეს.
“თავდამსხმელს მუშტი, ძირითადად, არც უხმარია, რაც თავისთავად უფრო ვაჟკაცური იქნებოდა. ჭიქის და ცხელი წყლის გამოყენება სრულ სილაჩრეზე მიუთითებს, რადგან მინასაც და მდუღარე წყალსაც მძიმე სხეულებრივი დაზიანების გამოწვევა შეუძლიათ. ასეთივე ხასიათისაა მოულოდნელი და გაუფრთხილებელი თავდასხმა. თუკი გავიხსენებ მონათხრობებს ქალაქური ცხოვრებიდან, ღირსეული ადამიანები არასდროს არ ხმარობდნენ ცივ იარაღს. ვინც იხმარდა ცივ იარაღს, მას საერთოდ რიყავდნენ. ასევე სრულიად არგუმენტირებულად (ან მინიმუმ რაღაც თავისი რეზონით მაინც) იწვევდნენ ღია კონფლიქტში ადამიანებს, ვისთანაც პირადი წყენა ჰქონდათ. აქ კი ასეთი პირადი წყენაც არ ფიქსირდება. ცხადია, აქ იმაზე არაა ლაპარაკი, რომ პროფესორთან და პოლიტიკოსთან საერთოდ არ უნდა გჭირდებოდეს არც მუშტის ენაზე საუბარი. საქართველოში ასეთი ფიზიკური ანგარიშსწორებები უნდა დასრულდეს. თუ ვინმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, უნდა დააკავონ, დაუმტკიცონ დანაშაული საყოველთაოდ მიღებული სტანდარტებით და გაასამართლონ“,- წერს გამსახურდია ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი წუხელ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 120-ე მუხლით გრძელდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. თავდასხმა აბაშიძის ნომერ 22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში მოხდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ლიტერატურულ კაფეში ნოდარ ლადარიასთან ერთად იმყოფებოდა. ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს რეჟისორი გიორგი მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი-უმცროსი დაესხნენ. ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, ნოდალ ლადარის სახეში ცხელი ჩაი შეასხეს.