გიორგი მიქაუტაძე: ვენეციის კომისიის ექსპერტებს, უზენაეს სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მივაწოდეთ

„ვენეციის კომისიას მივაწოდეთ ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ, ასევე, გავაცანით კანონპროექტთან დაკავშირებული ჩვენი ხედვები და შენიშვნები“, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ ვენეციის კომისიის ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ექსპერტებს უზენაეს სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოაწოდეს. „ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ვენეციის კომისიას არსებული ვითარების შესახებ, ასევე, კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები და შენიშვნები გავაცანით, გარდა ამისა, მივაწოდეთ ინფორმაცია უზენაეს სასამართლოში ვითარების შესახებ – რომ არის ძალიან გართულებული ვითარება, ვინაიდან მოსამართლეების ძალიან მცირე რაოდენობაა და ვთხოვეთ, რაც შეიძლება დროულად იყოს მიღებული გადაწყვეტილება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რთული იქნება პროგნოზის წინასწარ გაკეთება, ზუსტად როგორ რეკომენდაციას მოგვცემს ვენეციის კომისია. თუმცა, ჩვენ ველოდებით, რომ ვენეციის კომისია მიგვითითებს ისეთ ობიექტურ, გამჭვირვალე პროცედურებსა და კრიტერიუმებზე, რომ საბჭომ, ერთი მხრივ, შეძლოს თავისი უფლება-მოსილების გახორციელება, პროცესი ჩიხში არ შევიდეს და დროულად დაკომპლექტდეს უზენაესი სასამართლო. მეორე მხრივ, ეს პროცედურები იყოს მისაღები ჩვენი საზოგადოებისთვის, სასამართლო სისტემისა და მთელი ქვეყნისთვის, რომელსაც უნდა ემსახუროს სასამართლო სისტემა“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
ამასთან, მან საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კრიტიკა ხელოვნურად წამოჭრილი თემაა. „არის მცდელობა, კანონი იყოს მორგებული გარკვეულ პიროვნებებზე და ზუსტად ამას საუბრობენ არამოსამართლე წევრები, რომ არამოსამართლე წევრი არის ექვსი, თუმცა, ჩვენ ვართ უმცირესობაში და ერთ, ან ორ ადამიანს გამოყოფენ. საბოლოოდ, მივდივართ იქამდე, რომ ერთ, ან ორ ადამიანს უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება, როგორც ადრე ჰქონდა პრეზიდენტის წარმომადგენელს, როცა სათათბირო ორგანო იყო საბჭო. ერთ ადამიანს, პრეზიდენტის წარმომადგენელს შეეძლო, შეეჩერებინა მთელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. დაახლოებით, ასეთ რაღაცას ამბობენ, რაც, ვფიქრობ, არასწორია. ინტერესთა კონფლიქტის საკითხები არის ხელოვნურად წამოჭრილი თემა, რადგან სამივე ეტაპზე, როდესაც ტარდება კენჭისყრა, ორი ეტაპიდან საერთოდ გამორიცხული არის კანდიდატი საბჭოს წევრების მონაწილეობა, ხოლო ერთ ეტაპზე ის ვერ მონაწილეობს მისი კანდიდატურის განხილვაში. ამიტომ, ვფიქრობ, წარმოდგენილ კანონპროექტში კარგად არის ასახული ინტერესთა კონფლიქტების საკითხი“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები