ბათუმის მიმართულებით ახალი რეგულარული რეისები ინიშნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „SkyUp Airlines“-სა და “აზერბაიჯანის ავიახაზების” (“AZAL”) სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „Buta Airways”-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვები მიანიჭა.
როგორც „კვირას“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე უკრაინული „SkyUp Airlines“-ი რეგულარულ რეისებს 25 მაისიდან შეასრულებს.
ფრენები კვირაში 10 სიხშირით, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით გახორციელდება.
2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა.
აზერბაიჯანული ავიაკომპანია „Buta Airways”-ი ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 14 ივნისიდან 13 სექტემბრამდე განახორციელებს.
რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ პარასკევსა და კვირას, Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.