ადვოკატი: ჭავჭავაძეზე მომხდარი ტრაგედიის პასუხისმგებლობა კომპანიის დირექტორზეა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები გამოიკითხნენ.
ადვოკატ გიორგი ყიფშიძის, ინფორმაციით, ობიექტზე შემაკავებელი ჯებირი არსებობდა, თუმცა, მან მიწის ზეწოლას ვერ გაუძლო.
უფლებადამცველის თქმით, პასუხისმგებლობა სამშენებლო კომპანიის დირექტორზეა, “ვისაუბრეთ, თუ ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მომხდარ ფაქტზე. ძირითადი კითხვა, ისევდაისევ, იყო მიწის შემაკავებელ სპეციალურ ჯებირზე, რომელიც რეალურად არსებობდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მიწის ზეწოლას ვერ გაუძლო. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა გადის კომპანიიის დირექტორზე. სპეციალური უსაფრთხოების სამსახური ამ კომპანიას არ ჰყავდა, ამიტომ, რელობა უნდა ვაღიაროთ”, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებარე ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 25 წლის კაცის ცხედარი მალევე ამოიყვანეს, ხოლო 8 საათით გაგრძელდა მეორე ცხედრის სამძებრო სამუშაო. ორივე მამაკაცი მიწის რვამეტრიანი მასის ქვეშ იყო მოყოლილი. მიწა, სავარაუდოდ, იქ ჩამოიშალა, სადაც საძირკველი იყო გაჭრილი.