ტორუების ოჯახს, სადაც 7 ბავშვი იზრდება, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
ტორუების ოჯახში 7 ბავშვი იზრდება! მეგობრებო, კარგად დააკვირდით ამ ფოტოს, ამ პატარა ანგელოზების მოწყენილ სახეებსა და ნაღვლიან თვალებს. განგებამ მათ მძიმე ბავშვობა არგუნა და ნორმალური ცხოვრების პერსპექტივა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
“ახლა, ტორუების მრავალშვილიან ოჯახს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ჩვენ მეტად დამთრგუნველი სურათი დაგვხვდა: ოთახში ბნელა, კედლები ობით არის დაფარული, დგას კანალიზაციის სუნი, ხოლო ბეტონის იატაკზე პატარა ბავშვები დარბიან, ზოგი ფეხშიშველი… ამ ბავშვებს არასდროს უცხოვრიათ თბილ და მყუდრო სახლში, არ გააჩნიათ ახალი ტანსაცმელი, ვერ იღებენ კალორიულ კვებას, ხშირად ავადმყოფობენ”, – აცხადებენ “ჩერნოვეცკის” ფონდში.
ფონდის წარმომადგენლემა 7 შვილის დედას, გურანდა ტორუას რამდენიმე კითხვით მიმართა:
-როგორ უმკლავდებით მარტო ბავშვების მოვლას?
გურანდა: ღმერთის წყალობით, კეთილი ადამიანების დახმარებით; თუმცა, არ ვიცი, რა იქნება ხვალ…
-საიდან ხართ წარმოშობით და როდის შექმენით ოჯახი?
გურანდა: მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ. მშობლიური კუთხე დავტოვე 1993 წელს. მაშინ 12 წლის ვიყავი. 20 წლის ასაკში გავთხოვდი, შეგვეძინა 4 შვილი, მეუღლე მუშაობდა, მე ვზრდიდი ბავშვებს…. მოგვიანებით, ქმარი წავიდა რუსეთში სამუშაოდ და მას მერე არ გამოჩენილა. მერე მითხრეს, რომ მიგვატოვა.
-მეორე ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა, არა?
გურანდა: დიახ, სამწუხაროდ… თუმცა, მეორე ქმარი, ხანდახან, ჩამოდის კახეთიდან და ბავშვებს მოინახულებს ხოლმე… მატერიალურად ვერ გვეხმარება, რადგან უმუშევარია…
-ვინ გეხმარებათ? მიმართეთ თუ არა დახმარებისთვის ხელისუფლებას, ან დეპუტატებს?
გურანდა: მოხუცი დედაჩემი მეხმარება, მეხმარებიან მეზობლები, ზოგი საჭმელს შემოგვიტანს, ზოგიც ტანსაცმელს… ერთმა კეთილმა ადამიანმა ტელევიზორი გვაჩუქა… მერიამ წელსაც შეშა გამოგვიყო. რამდენჯერმე დავწერე განცხადება დევნილთა სამინისტროში საცხოვრებლის რემონტის თაობაზე, მაგრამ, ჯერჯერობით, უშედეგოდ.
– რატომ არ მიმართავთ დახმარებისთვის დეპუტატებს? მათ შეუძლიათ, შუამდგომლობა გაგიწიონ. ეს რა შენობაა, სადაც თქვენ ცხოვრობთ?
გურანდა: ადრე, აქ ფინანსთა სამინისტროს აგარაკი იყო, სადაც 1994 წელს აფხაზეთიდან დევნილები შეასახლეს. 8 სული ვცხოვრობთ ამ ოთახში, რომლის ფართი 47 კვ. მეტრია. ვცხოვრობთ სოციალური შემწეობის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განკუთვნილი დახმარების წყალობით. თანხა იხარჯება საკვებსა და მედიკამენტებზე, სხვა რამისთვის არაფერი მრჩება.
-ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ?
გურანდა: დავიწყებ იქედან, რომ ანანოს თვალის ოპერაცია სჭირდება, 3 წლის ანდრიას კი წითელა სჭირს. ჩვენთან ასეა: ერთი თუ ავად გახდა, მერე ყველა „დავირუსდება“.
– 7 შვილის დედის ოცნება რა არის?
გურანდა: შვილების ბედნიერება. ჩემი ოცნებაა, რომ მქონდეს მყუდრო სახლი, რომ ბავშვებს შევუქმნა ნორმალური პირობები.
“მეგობრებო, ტორუების შვიდშვილიანი ოჯახი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. მოდით, გავუწოდოთ ამ ოჯახს დახმარების ხელი! ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი განვითარების პერსპექტივა ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ გაერთიანებული ძალებით. ჩვენ შეგვიძლია, შევუქმნათ მათ მომავლის პლაცდარმი. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ დატოვებთ მათ ყურადღების გარეშე! გფარავდეთ უფალი! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს. ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ტორუების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც “, – აცხადებენ ფონდში.
R