სახალხო დამცველის მოადგილე: აქციაზე დაკავებულები თავს კარგად გრძნობენ და არანაირ პრეტენზიას არ გამოხატავენ
„ისინი ამ ეტაპზე კარგად გრძნობენ თავს და არანაირ პრეტენზიას არ გამოხატავენ,“ – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ, განაცხადა. მან ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული 6 მოქალაქე მოინახულა.
„ისინი დაკავებისთანავე მოვინახულეთ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო გვენახა, როგორ გრძნობდნენ თავს. მათი უფლებები ამ ეტაპისთვის ხომ არ ირღვევა. ისინი პრეტენზიებს ამ ეტაპისთვის არ გამოხატავენ, უშუალოდ დაკავებასთან და მოპყრობასთან დაკავშირებით. ეხლა მათთან შესული არიან ადვოკატები და მიმდინარეობს სხვადასხვა საპროცესო ღონისძიებები. როგორც ჩვენ გვაცნობეს ისინი დაკავებულები არიან წინააღმდეგობის გაწევისთვის, აქციის მსვლელობისას მოხდა მათი დაკავება. ამ ეტაპისთვის სამართლებრივი საფუძვლებზე და სამართლებრივ საკითხებზე ვერ გეტყვით. როცა მოგვეცემა შესაბამისი შესაძლებლობა გამოვითხოვთ მონაცემებს და ვნახავთ მერე რამდენად დასაბუთებული იყო დაკავება ასევე ვნახავთ ვიდეოჩანაწერებს, რომ შევძლოთ ერთიანად შევაფასოთ სიტუაცია. ყველა მათგანს დავუსვით შეკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ახლობლებს შემიძლია გადავცე, რომ ისინი ამ ეტაპზე კარგად გრძნობენ თავს და არანაირ პრეტენზიას არ გამოხატავენ. მათი ფიზიკური მდგომარეობა ნორმალურია. დაკავებულია 6 ადამიანი და 6-ვე მათგანი მოვინახულეთ“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.