წამლის სააგენტო ჰიპერტენზიის სამკურნალო რიგი მედიკამენტების რეგისტრაციას აჩერებს
წამლის სააგენტო, პრევენციის მიზნით, სარტანების შემცველი მედიკამენტების რეგისტრაციას დროებით აჩერებს.
სარტანები ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტებს მიეკუთვნება.
როგორც „კვირას“ წამლის სააგენტოდან აცნობეს, გადაწყვეტილება ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ახალ რეკომენდაციაზე დაყრდნობით მიიღეს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სარტანების შემცველი მედიკამენტების მწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ წარმოების პროცესში საჭირო ცვლილებების შეტანა, ასევე – ანალიზის მეთოდების დამუშავება. სააგენტო პაციენტებს მიმართავს, დროულად მიმართონ ექიმს დანიშნული პრეპარატების შესაცვლელად. „აღნიშნული მინარევის შემცველი მედიკამენტის გამოყენება არ არის მყისიერი რისკის მატარებელი, თუმცა, სააგენტო პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს. პაციენტებს ვთხოვთ, დროულად მიმართონ ექიმს დანიშნული პრეპარატების შესაცვლელად. სარტანების შემცველი იმპორტირებული პრეპარატების, კონკრეტულ სერიაში მინარევების არარსებობის, ან დადგენილ ზღვრებში არსებობის შემთხვევაში, რაც დადასტურებული უნდა იყოს ლაბორატორიული კვლევებით, სერიის რეალიზაცია იქნება ნებადართული. პრეპარატების სარეგისტრაციო დოსიეში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მედიკამენტების რეგისტრაცია იქნება აღდგენილი“, – აცხადებენ სააგენტოში. უწყების ინფორმაციით, სააგენტო, პერიოდულად, გამოაქვეყნებს ინფორმაციას პრეპარატების ბაზარზე დაშვების აღდგენის შესახებ, ასევე – იმ სერიებზე, რომლებიც ნებადართული იქნება რეალიზაციისთვის. ამასთან, წამლის სააგენტოს ინფორმაციით, სარტანების შემცველი რიგი პრეპარატების შემთხვევაში, აუცილებელი ცვლილებები სარეგისტრაციო დოსიეში უკვე შეტანილია. შესაბამისად, რეგისტრაციის შეჩერება მათ არ შეეხებათ. წამლის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაზარზე სარტანების შემცველი 40-ზე მეტი მედიკამენტია, რომელსაც შეზღუდვა შეეხება. მათი ჩამონათვალი სააგენტოს საიტზე უახლოეს დღეებში განთავსდება.