ირმა ინაშვილი: ვენეციის კომისიასთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, რომ მოსამართლეების საკითხზე უმრავლესობის პროექტს მხარს არ ვუჭერთ
პარლამენტის ვიცესპიკერმა, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ მათთან საუბრისას ხაზი გაუსვეს, რომ “პატრიოტები” მხარს არ უჭერენ მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე “ქართული ოცნების” ინიცირებულ პროექტს. მისივე თქმით, შეხვედრაზე პარტიის წევრებმა საკითხის როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ ჭრილზე გაამახვილეს ყურადღება.
„მსგავსი ტიპის შეხვედრებისას, როგორც წესი, ვენეციის კომისიის წევრები არ საუბრობენ ხოლმე, გვისმენენ. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, ეს დრო გამოგვეყენებინა, რომ სამართლებრივ ნაწილზეც გვესაუბრა და პოლიტიკურ ნაწილზეც. ხაზი გავუსვით, რომ მხარს არ ვუჭერთ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რადგან ის ფრაგმენტულ ცვლილებებზეა გათვლილი და ფუნდამენტურ ცვლილებებს ვერ განაპირობებს მართლმსაჯულების სისტემაში, ვერც მოსამართლეების შერჩევის პროცესში. სწორედ იმაზე ვისაუბრეთ, რომ ფუნდამენტური რეფორმა უნდა გახორციელდეს, ასევე იმაზე, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ვიცესპიკერის შეფასებით, საქართველოს სახელმწიფო და მართლმსაჯულების სისტემა მზად არ არის მოსამართლეთა უვადოდ განწესებისთვის.
„უნდა იყოს 10-წლიანი ვადა მაინც, აუცილებლად უნდა იყოს სამწლიანი ვადა მაინც მიცემული ამ მოსამართლეებისთვის. მართლმსაჯულების სისტემიდან ნელ-ნელა უნდა გამოვიდნენ მურუსიძეები, ჩინჩალაძეები, გვრიტიშვილები, ადამიანები, რომლებსაც არ ენდობა ქართველი ხალხი, რომლებსაც კონკრეტული, მკვლელი განაჩენები აქვთ გამოტანილი“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
ამასთან, ინაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მკაფიო და მკაცრი იქნება. თუმცა, დაამატა, რომ, მისი აზრით, მმართველი გუნდი ამ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს.
„თუმცა, არ მაქვს იმედი, რომ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. შეეცდებიან, გაიტანონ კანონპროექტი, რაც მომზადებული აქვთ“, – განაცხადა ინაშვილმა.
ცნობისთვის, ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კომისიის წევრები საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს. დელეგაცია უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, ასევე – საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.