დიმიტრი ცქიტიშვილი: პარლამენტმა დაინახა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიება ხარვეზებით მიმდინარეობდა და ამის შესახებ დადგენილებაც მიღებულია

“ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიება რომ ხარვეზებით მიმდინარეობდა, პარლამენტმა დაადგინა, დაინახა და ამის შესახებ დადგენილებაც მიღებულია”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი აღნიშნულ საქმეზე სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშს. მისივე თქმით, აუცილებელია, სახალხო დამცველის ანგარიშს ბოლომდე გაეცნონ.
​„ძალიან მნიშვნელოვანია, მთლიანად გავაანალიზოთ ის ანგარიში, რომელიც წარმოდგენილია. რაც შეეხება ხორავას ქუჩის საქმეს – აქ ვფიქრობ, გარკვეული თანხვედრაც კი შეიძლება იყოს იმ დადგენილებასთან, რომელიც პარლამენტმა ამ საქმესთან დაკავშირებით მიიღო. ფაქტია, რომ, ჩვენს შემთხვევაშიც, საგამოძიებო მოქმედებების გარკვეული ხარვეზები დავინახეთ. მაშინ რეკომენდაცია გავეცით, საგამოძიებო სტრუქტურები დაინტერესდნენ და, შესაბამისად, შეისწავლონ და ნახონ, იყო თუ არა სამსახურებრივი გადაცდომა ან გულგრილობა, ან სხვა სახის დანაშაული გამოძიების შემთხვევაში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
სახალხო დამცველი ხორავას ქუჩის საქმეს 2018 წლის წლიურ ანგარიშში მიმოიხილავს, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით არაეფექტიანი იყო; რომ გამოვლინდა მრავალი ხარვეზი. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტზე დაადასტურა და რომ გამოძიებამ ყველა დამნაშავე ვერ გამოავლინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები