ექსპერტი: პირს მხოლოდ ნარკოტესტის შედეგის საფუძველზე არ დასჯიან
“მხოლოდ ნარკოტესტით, ანუ ნერწყვის ტესტის მეშვეობით არ ხორციელდება პიროვნების დასჯა”, – ამის შესახებ სამხარაულის სახელობის ნარკოლოგიის ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა და ”ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” დირექტორის მოადგილემ, გური მენაბდიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მენაბდიშვილი ახალ რეგულაციებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დღეიდან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება. მართვის დროს ნარკოტიკული ზემოქმედების დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი ნარკოტესტები შეიძინა. მძღოლებს ამ ტესტებით ნერწყვის საშუალებით შეამოწმებენ.
როგორც გური მენაბდიშვილმა განმარტა, ტესტმა უნდა დაადგინოს, ვინ გადაიყვანონ და ვინ არა შემდგომი კლინიკური კვლევისთვის.
„სავარაუდოდ, ყველა გონიერი ადამიანი თანხმდება იმაზე, რომ საგზაო უსაფრთხოება არ არის მხოლოდ კონკრეტული, ერთი მძღოლისთვის განკუთვნილი უსაფრთხოება. ეს არის გაცილებით ფართე და ზოგადი ცნება.
როგორც ნარკოლოგმა, მინდა, ამ მიმართულებას გავცე პასუხი – თრობის ქვეშ ყოფნისას, ბუნებრივია, მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი რისი თრობის ქვეშ იმყოფება.
რაც შეეხება ნარკოტესტირებას – ამ ეტაპზე, შსს-ს შემოტანილი აქვს სპეციალური ტესტები. ეს, პრაქტიკულად, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც სელექციური ნაწილი; ანუ, მხოლოდ ნარკოტესტით, ნერწყვის ტესტის მეშვეობით არ ხორციელდება პიროვნების დასჯა. ეს არის სელექცია, ვინ გადაიყვანონ შემდგომ კლინიკური ზემოქმედების დასადგენად. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა იმას, რამდენი საათის წინ მოიხმარა ადამიანმა და მის ორგანიზმში არის თუ არა, არამედ იმას, არის თუ არა ის ზემოქმედების, ანუ თრობის ქვეშ.
ეს ტესტები 1-დან 8 საათის განმავლობაში მოხმარებას ადგენს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირი აუცილებლად იმ წუთიდანვე არის დასჯილი. შემდეგ გადაჰყავთ შესაბამის ექიმ-ნარკოლოგებთან, რომლებიც შეაფასებენ მის კლინიკურ მდგოამრეობას, ანუ არის თუ არა თრობის ქვეშ. კონკრეტული პიროვნება უნდა იყოს გამოკვლეული როგორც ვიზუალური დათვალიერებით, ასევე შესწავლილი უნდა იყოს მისი ფიზიკური, ფსიქიკური, ნევროლოგიური მდგომარეობა. ამის შემდეგ დაიდება დასკვნა – აღნიშნული პირი კონკრეტულ დროს არის, თუ არა თრობის ქვეშ და შემდეგ შეიძლება საუბარი პასუხისმგებლობაზე“, – განაცხადა მენაბდიშვილმა.
გური მენაბდიშვილი მიიჩნევს, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომობილის მართვა სისხლის სამართლის წესით უნდა ისჯებოდეს.
„ჩემი, როგორც ექსპერტ-ნარკოლოგის გადმოსახედიდან, მინდა, გითხრათ, რომ არანაკლებ პასუხისმგებლობას დავაკისრებდი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ პირებს, რომლებიც მართავენ ავტოსატრანსპორტო საშუალებას. აქ ადმინსიტრაციული წესით არ შემოვიფარგლებოდი. ალკოჰოლთან მიმართებით, შესაბამისი სტატისტიკიდან გამომდინარე, შესაბამისი მიღებული ზიანიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავამ რა შედეგებიც გამოიწვია, არ დავაყოვნებდი და ძალიან სწრაფად გავუთანაბრებდი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირების მიერ ავტომობილის მართვას“, – განაცხადა მენაბდიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
შსს-ის ცნობით, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან – ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
უწყების ცნობით, კანონის აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებმა უკვე გაიარეს შესაბამისი გადამზადება. ამასთან, დეპარტამენტი სრულად აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.
კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, საპატრულო პოლიცია მძღოლს ნარკოტიკულ სიმთვრალეზე ნარკოტესტერით გადაამოწმებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის შემოწმება დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში მოხდება. ნარკოტიკული ნივთიერების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
თამუნა შეყილაძე