შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი: უნდა შევისწავლოთ, რამდენად სწორად მიმდინარეობდა დახურულ სივრცეში სამუშაოები

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სწავლობს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, პირველადი დათვალიერებით, სამშენებლო ობიექტზე, სადაც წუხელ ორი მუშა დაიღუპა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ფიქსირდება. მისი განმარტებით, სამშენებლო ობიექტზე ზოგადი დარღვევები იყო. „ზოგადად, ობიექტზე დარღვევები იყო, კუსტარული მანქანა-დანადგარები, იყო ღიობები. მხედველობაში მაქვს ზოგადი პერიმეტრი და არა – კონკრეტულად, უბედური შემთხვევის ლოკაცია. დეტალებზე საუბარს მოგვიანებით შევძლებთ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
რაც შეეხება, უშუალოდ, უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს. მისი თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა და, უახლოეს პერიოდში, ახალი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
“როგორც გეოლოგები გვეუბნებიან, აქ არ გვქონდა გეოლოგიურ პროცესებთან საქმე. ჩვენ უნდა შევისწავლოთ, რამდენად სწორად მიმდინარეობდა დახურულ სივრცეში სამუშაოები, მიწისქვეშა სამუშაოების დროს რამდენად იყო შესაბამისი წესით გამაგრება, რამდენად იყო საჭირო პროცედურები გატარებული იქ დასაქმებული ადამიანებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად“, – განაცხადა ბექა ფერაძემ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა გუშინ ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა მომხდარიდან ცოტა ხანში დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები