“მოსამართლეებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ყველა იმ რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, რომელიც კონსტიტუციის შესაბამისი იქნება”
„ჩვენ მივმართეთ ვენეციის კომისიას, რომ შეეფასებინა ეს საკანონმდებლო ინიციატივა, რაც საპარლამენტო უმრავლესობას აქვს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც უმრავლესობის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, როდესაც ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება წარმოდგენილი, ამის შემდეგ განვიხილავთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც კონსტიტუციის შესაბამისი იქნება, რასაც გავითვალისწინებთ. მისივე შეფასებით, ვენეციის კომისიის წევრებთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. „ჩვენ მივმართეთ ვენეციის კომისიას, რომ შეეფასებინა ეს საკანონმდებლო ინიციატივა, რაც საპარლამენტო უმრავლესობას აქვს. ჩამოსულია წარმომადგენლობითი დელეგაცია და მას გავაცანით ის ოთხი ძირითადი პრინციპი, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა მოთხოვნა და კითხვები – კერძოდ, ეს არის ის, რომ პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მოსამართლე წევრებს, ასევე – იურისტებს, რომლებიც სისტემის გარეთ არიან. სიის შედგენისა და პარლამენტში წარმოდგენის პროცესი არის გამჭვირვალე. პარლამენტში კანდიდატები განიხილებიან, პრაქტიკულად, ამერიკის კონგრესის სტანდარტით და კენჭისყრა მოხდება ინდივიდურად, თითოეულ კანდიდატურაზე. რა თქმა უნდა, პარლამენტი არ არის ვალდებული, რომ ყველა წარმოდგენილი კანდიდატი დაამტკიცოს. პარლამენტი ამტკიცებს იმ კანდიდატებს, ვისაც ენდობა. ეს კანონპროექტი გახდება შეფასების საგანი ვენეციის კომისიის მხრიდან. ჩვენ, უახლოეს პერიოდში, ველოდებით რეკომენდაციებსა და დასკვნას მათი მხრიდან”, – განაცხადა თალაკვაძემ. თალაკვაძის თქმით, ვენეციის კომისიის აზრი მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან გამოირიცხოს ყველანაირი პოლიტიკური სპეკულაცია. „ვენეციის კომისიასთან იყო ძალიან საქმიანი შეხვედრა. სწორედ ჩვენი ინიციატივა იყო, რომ ვენეციის კომისიის შეფასება ყოფილიყო, რადგან გამოირიცხოს ყველანაირი სუბიექტური კითხვა და პოლიტიკური სპეკულაციები ამ პროექტზე. მათ გვითხრეს, რომ, მოკლე ვადებში, იქნება შეფასებები და როცა იქნება დასკვნა წარმოდგენილი. ჩვენ ამას და ყველა იმ რეკომენდაციას განვიხილავთ, რომელიც კონსტიტუციის შესაბამისი იქნება”, – განაცხადა თალაკვაძემ. დეპუტატის განცხადებით, ოპოზიცია აღნიშნული თემისგან პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნის. „ვინაიდან ოპოზიციას პოლიტიკურ დღის წესრიგში ნაკლებად აქვს ისეთი საკითხები, რომლებიც საზოგადოების რეალურ საჭიროებებს ეხება; ნაკლებად აქვს პოლიტიკური თემები, რომლებშიც არის დასაბუთებული პოლიტიკური წინადადებები, ამ მოცემულობაში ცდილობენ, სასამართლოს საკითხი როგორმე გადაიტანონ პოლიტიკურ დღის წესრიგში და გადაქაჩონ პოლიტიკურ დისკუსიაში. თუმცა, რაც უნდა სცადოს ოპოზიციამ, ჩვენ ამ პროცესს წარვმართავთ ისე, რომ იქნება მიღებული სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილებები”,- აღნიშნა თალაკვაძემ.