ომბუდსმენი: “ხორავას ქუჩის საქმეში” სახეზე იყო სამოხელეო დანაშაული
“ხორავას ქუჩის საქმის” მასალების სრულად შესწავლასთან ერთად, სახალხო დამცველმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ პროკურორთა და გამომძიებელთა დაკითხვებიც მოისმინა. სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ გამოძიების ტაქტიკა, შესაძლოა, არ ემსახურებოდა დამნაშავეთა გამოვლენის საჯარო ინტერესს – ამის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
„ომბუდსმენმა მიიჩნია, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა წრის მიერ კომისიის სხდომაზე გაცემული პასუხები არ იყო დასაბუთებული შემდეგ შეკითხვებზე: რატომ არ ჩაატარა, ან რატომ ჩაატარა გამოძიებაზე პასუხისმგებელმა პირებმა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით. რატომ არ ჩაატარა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები გამოძიებამ მთავარი მოქმედი პირების მიმართ, რომელიც, მეორე მხრივ, ჩაატარა სხვა პირებისა და, მათ შორის, სხვა შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი მოქმედი პირების მიმართ”, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ საქმეში სახეზე იყო სამოხელეო დანაშაულის ერთ–ერთი, ან ორივე შემადგენლობა: სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება იმის მიხედვით, სუბიექტური მხარის რა ნიშნები იკვეთება ქმედებათა უკან – განზრახ არაეფექტიანი გამოძიება, თუ გაუფრთხილებლობა, არაპროფესიონალური მიდგომა, ან/და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად. “მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო ამ მიმართებით გამოძიების დაწყება, ანგარიშში ნათქვამია, რომ ომბუდსმენის წინადადებები და რეკომენდაციები პროკურატურას არცერთ ეტაპზე გაუთვალისწინებია”, – ნათქვამია ანგარიშში.