ანგელა მერკელი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელმა სამუშაო სადილზე მიიწვია, რომელსაც ასევე უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენუკი და მოლდოვას პრემიერ-მინისტრი იური ლეანკა დაესწრებიან. გაკეთდება ერთობლივი განცხადება მედიისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის მიწვევით დღეს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი 29 მაისს სხვა მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად აახენის საკათედრო ტაძარში მესას დაესწრება, რის შემდეგაც აახენის მერიის სახელით მიღება გაიმართება.
2014 წლის აახენის კარლს პრაისის დაჯილდოების ცერემონიაზე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ერთად სიტყვით გამოვა.
კარლოს დიდის (საფრანგეთის მეფე 768-814 წლებში) სახელობის ჯილდო საპატიო ჯილდოა და გადაეცემა ევროპის გაერთიანების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ჯილდო 1950 წელს დაწესდა და კარლოს დიდის სახელს ატარებს, რადგან იგი ევროპის პირველ გამაერთიანებლად ითვლება.
2014 წლის 29 მაისს კარლოს დიდი სახელობის ჯილდო ევროპული საბჭოს პირველ პრეზიდენტს, ჰერმან ვან რომპეის გადაეცემა ევროპის კონსოლიდაციისა და ევროკავშირის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები