სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანიის  AIR FRANCE პირველი რეისის პირველი მგზავრი იყო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანიის  AIR FRANCE პირველი რეისის პირველი მგზავრი იყო.
საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო მომსახურების ტერმინალში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელზეც სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დღეს პირდაპირი ავიარესისების დანიშვნით საქართველო – საფრანგეთის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო.
,,ძალიან დიდი ხანი ველოდი პირდაპირ რეისს პარიზსა და თბილისს შორის. ეს კარგი  და სასიხარულო ამბავია, არა მხოლოდ ჩემთვის. ჩემსავით, საქართველოც დიდხანს ელოდა საფრანგეთის ავიახაზების თბილისში  შემოსვლას და ამ კუთხით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან საფრანგეთს ჩვენთვის სხვა დატვირთვა აქვს. დღევანდელი დღე სიმბოლურია იმ მხრივაც, რომ საფრანგეთი სიმბოლურად უბრუნდება ალესანდრე დიუმას გზას და ამით პასუხობს იმ მოლოდინებს, რაც ჰქონდა საქართველოს.
ეს არის ახალი ეტაპი საქართველო – საფრანგეთის ორმხრივ ურთიერთობებში და, მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ დღეს საფრანგეთი მზარდ როლს თამაშობს ევროპაში და პრაქტიკულად, ევროპის მომავლის ლიდერი ხდება. ეს არის საქართველოსთვის ევროპაში დაბრუნება და ევროპასთან პირდაპირი კავშირი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და როცა ვამბობთ: –  მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში, ვგულისხმობთ მეტ ტურისტს, მეტ ინვესტორს, მეტ ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ კავშირებს. ჩვენ უკვე 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ეს ყველაფერი შესაძლებელია, როცა არსებობს ასეთი პირდაპირი კავშირები.
მინდა მოგილოცოთ ყველას დღევანელი დღე! არ ვიცი საქრათველოს ახალ პრეზიდენტს რაიმე წვლილი თუ მიუძღვის ამ კავშირის დაფუძნებაში, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ მე პირადად, არანაირ ძალას არ დავიშურებ იმისათვის, რომ ჩემი მანდატის პერიოდში,  საქართველომ შეძლოს და დაამყაროს სწორედ ასეთი პირდაპირი და ხშირი კავშირები, კომუნიკაციებისა, თუ ტრანსპორტის მიმართულებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან, და ამით საქართველომ დაიმკვიდროს თავისი ადგილი ევროპის რუკაზე, როგორც ერთ-ერთმა, რიგითმა ევროპულმა ქვეყანამ”- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საზეიმო მიღებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და ავიაკომპანია ”Air France-KLM-ის კორპორატიული და სავაჭრო დეპარტამენტის  ვიცე პრეზიდენტი სებასტიან გუიო ესწრებოდნენ, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ფრანგი ტუროპერარტორები, ბლოგერები და ჟურნალისტები, ტურიზმისა და საავიაციო სფეროს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები