საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმიდან 28 წელი გავიდა
დღეს, 31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმიდან 28 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე. ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი.
რეფერენდუმი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში. რეფერენდუმში მონაწილეობა 3,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493-მა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.
რეფერენდუმის შედეგებით, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.