“2018 წელს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გახორციელდა სუს-ის შემოწმება, რომლის შედეგად სამსახურის მხრიდან კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა”

“2018 წელს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გახორციელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემოწმება, რომლის შედეგად სამსახურის მხრიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გასული წლის ანგარიშშია ნათქვამი.
“კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების გახორციელებისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომპონენტს, სამართლებრივი ბაზის სრულყოფასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. საანგარიშო პერიოდში, სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან და უზრუნველყოფდა მისი კონტროლის ეფექტიანად გახორციელებისათვის აუცილებელი პირობების შექმნას. სამსახურის მხრიდან, ინსპექტორს შეუფერხებლად მიეწოდებოდა კანონმდებლობის შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაცია. 2018 წელს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გახორციელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემოწმება, რომლის შედეგად სამსახურის მხრიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა. საანგარიშო წლის განმავლობაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ინსპექტირება ორჯერ გახორციელდა. ინსპექტირების ფარგლებში, უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რეალურ დროში დაკვირვებოდნენ სააგენტოს საქმიანობას. აღსანიშნია, რომ ინსპექტირების შედეგად დარღვევები არ გამოვლენილა. სააგენტოს მიეცა რეკომენდაციები და დავალებები ცალკეულ ორგანიზაციულ და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, სააგენტოს საქმიანობას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გარდა, რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტი ზედამხედველობს, მათ შორის, ხორციელდება საპარლამენტო, პრემიერმინისტრისა და სასამართლო კონტროლი. საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, 2018 წელს, საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ გაახორციელა სააგენტოს შემოწმება. თავმჯდომარე გაეცნო სააგენტოს საქმიანობის ამსახველ მასალებსა და დოკუმენტებს, ასევე – კონტროლის ელექტრონული სისტემების ფუნქციონირებას. 2018 წლის დეკემბერში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტომ საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის ნდობის ჯგუფს წარუდგინა წლიური ანგარიში, რომელიც მოიცავდა 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2018 წლის 1-ელ დეკემბრამდე პერიოდს. საანგარიშო წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა სამართლებრივი აქტების შემუშავებისა და დახვეწის პროცესი. 2018 წელს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შემუშავდა და გამოიცა 157 ახალი სამართლებრივი აქტი. ამავე დროს, სამსახურმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მომზადებულ 385 სამართლებრივი აქტის პროექტზე”, -ნათქვამია ანგარიშში.
ამავე ანგარიშის თანახმად, დაიხვეწა შიდასამსახურებრივი სამართლებრივი რეგულაციები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მიზნით. ასევე, გახორციელდა ცვლილებები უსაფრთხოების სამსახურში სამხედრო სამსახურის საკონტრაქტო სახით მოხდის შესახებ დებულებასა და სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსში, დაიხვეწა საიდუმლო ინფორმაციის სხვა სახელმწიფოს, ან საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის წესები.
“აღსანიშნია უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობა საქართველოს საერთო სასამართლოებთან. საანგარიშო პერიოდში საერთო სასამართლოებს, შესაბამისი განჩინების საფუძველზე, სამსახურის მიერ შეუფერხებლად მიეწოდათ საქმეების განხილვისთვის საჭირო საიდუმლო და არასაიდუმლო ინფორმაცია/მტკიცებულებები. 2018 წელს, საერთო სასამართლოებში გაიგზავნა 894 ინფორმაცია/მტკიცებულება. სამსახურმა მონაწილეობა მიიღო 48 სასამართლო საქმის განხილვაში. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფდა საჯარო ინფორმაციის გაცემას. 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სამსახურში შევიდა 57 განცხადება, რომელთაგან დაკმაყოფილდა 35, შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა 5 და არ დაკმაყოფილდა 17 განცხადება. 2018 წლის 10 დეკემბერს, სამსახურმა, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტს წარუდგინა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი ანგარიში. საანგარიშო პერიოდში, რეაგირება გახორციელდა როგორც მოქალაქეების, ისე – სხვადასხვა უწყების/ორგანიზაციის, მათ შორის, სახალხო დამცველის მხრიდან შემოსულ 298 განცხადებაზე. დამუშავდა და შესაბამისი რეაგირება გახორციელდა სამსახურის ცხელ ხაზზე შემოსულ ინფორმაციასა და 313 ელექტრონულ განცხადებაზე (info@ssg.gov.ge). სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (ssg.gov.ge) მუდმივად მიმდინარეობდა გახორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება”, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები