მაია ცქიტიშვილი: შემუშავდება ისეთი გენგეგმა, რომელიც მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მცხეთის გენგეგმის შემუშავებისა და განვითარების საკითხზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ნებისმიერი გენგეგმის შემუშვების დროს აუცილებელია  მოსახლეობის საჭიროებების გაგება.
​მისივე თქმით, შემუშავდება მცხეთის ისეთი გენგეგმა, რომელიც ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, რადგან ცქიტიშვილის თქმით, შესაძლო იყო გაუაზრებელი და სწრაფი განვითარების ხარჯზე მცხეთის სტატუსისთვის ზიანი მიეყენებინა.
„კონკურსში შეირჩა კომპანიები, რომლებსაც აქვთ გენგეგმის შემუშავებისთვის საჭირო გამოცდილება; ასევე, აქვთ გამოცდილება ისეთი სივრცითი მოწყობის გეგმების შემუშავებაში, როგორიცაა ნიკორწმინდა, შოვი, ხერთვისი, უშგული. ასევე, აქვთ შესაბამისი ცოდნა და უნარი, რომ ისეთ რთულ საკითხს, როგორიც არის მცხეთის სივრცითი მოწყობის გეგმა, თავი გაართვან. დღეს გვაქვს პირველი შეხვედრა მოსახლეობასთან. ნებისმიერი გენგეგმის შემუშავების დროს, აუცილებელია, პირველ ყოვლისა, მოსახლეობის სურვილების და საჭიროებების გაგება და ისეთი გეგმის შემუშავება, რომელიც იქნება ორიენტირებული მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. მცხეთაში მოქმედებს მორატორიუმი, რომლის ამოქმედებაც გახდა საჭირო, რადგან მცხეთა, სამწუხაროდ, შეყვანილი იქნა იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში. ეს მორატორიუმი გახდა ის გარდაუვალი გადაწყვეტილება, რომელმაც შეინარჩუნა მცხეთის სტატუსი და მოხდა შეკავება შესაძლო ზიანის, რომელიც შეიძლებოდა გაუაზრებელ და სწრაფ განვითარებას მოეხდინა ქალაქზე. გენგეგმა არის აუცილებელი წინაპირობა, რომ გააზრებული გეგმა შემუშავდეს, ყველა პრიორიტეტი იყოს დაცული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები