კახა კალაძე მზადაა, ტაქსის მძღოლებს შეხვდეს და რეფორმის პრობლემური საკითხები განიხილოს
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მზადაა, ტაქსის მძღოლებს შეხვდეს და, მათთან ერთად, რეფორმის ყველა პრობლემური საკითხი განიხილოს. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს ქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
კალაძის თქმით, ამ საკითხზე პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება მისთვის მისაღები არაა; ამასთან, მისივე თქმით, მას აღნიშნული თემის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ სურს.
“ტაქსების რეფორმა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს მიმართულება აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული და პირობას გაძლევთ, რომ იქნება მოწესრიგებული. ასევე, მნიშვნელოვანია ის სიკეთეები, რომლებიც გათვალისწინებულია ტაქსის მძღოლებისთვის. არ მინდა, ეს კონკრეტული საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავიტანო, რადგან ამ აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიაა და თავს შევიკავებ კომენტარისგან. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს – ვისაც სურვილი აქვს ჩვენთან კომუნიკაციისა, არანაირი პრობლემა ყოფილა და არც ახლა არსებობს. იყო შეთავაზება, თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, მობრძანდეთ და მათ დასმულ ყველა კითხვას გაეცემოდა შესაბამისი კომპეტენტური პასუხი; კიდევ ერთხელ იქნებოდა ის სიკეთეები ახსნილი, რაც ამ ადამიანებმა და მათმა ოჯახებმა შეიძლება მიიღონ. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეს ქმედებები და დამოკიდებულება ჩემთვის არ არის მისაღები. რეფორმა მნიშვნელოვანია და საკმარისი დროა იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამის მოგვარება და მოწესრიგება. თუ ამაშიც არის ჩვენი დახმარება საჭირო, დედაქალაქის მერია მზად არის შეხვდეს კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს და გავიაროთ ნებისმიერი პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებს”, – განაცხადა კალაძემ.