მკვლელობა შურისძიების მოტივით თბილისში – ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, 2018 წლის 14 მაისს, ქ.თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, გ.კ-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ხ.მ-ს სამი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ხ.მ ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ძებნილი გ.კ. 2018 წლის 2 ივნისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.კ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10 წლით აღკვეთა განუსაზღვრა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები