დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყება: საქართველოსა და ნატოს მორიგი სწავლებები ღია გამოწვევაა ნაციონალური უსაფრთხოებისთვის
ოკუპირებული აფხაზეთის “საგარეო უწყება” საქართველოში მიმდინარე ნატოს სწავლებებს ღია გამოწვევად აფასებს ნაციონალური უსაფრთხოებისთვის. “უწყება” დაჟინებით მოუწოდებს თბილისსა და ბრიუსელს, გაიაზრონ, რამდენად სახიფათოა საკუთარი ძალებისა და ამბიციების ღიად გამოხატვა. “საქართველოს დასავლელი პარტნიორების მორიგი განცხადებები თავიანთი „კლიენტის“ მხარდასაჭერად არავის აოცებს, ეს ვაშინგტონისა და ბრიუსელის პროპაგანდისტული რიტორიკის ნაწილად იქცა. ამასთან ერთად, იანს სტოლტენბერგის რიგი განცხადებები საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს ხელისუფლებას დიდ მოლოდინებს უტოვებს, მილიტარისტურ განწყობებს აღვივებს და ძირს უთხრის ძალისხმევას ამიერკავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით”, – აცხადებენ დე-ფაქტო აფხაზეთის “საგარეო უწყებაში”. უწყების განცხადების თანახმად, თბილისის გათვლა ნატოს სამხედრო სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ სულ უფრო ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს “მშვიდობიან” პოლიტიკას. “საქართველოს ვერცერთი ოფიციალური პირის “მშვიდობიანი” განცხადება გადაფარავს იმ ფაქტს, რომ საქართველო დასავლური პარტნიორების დახმარებით სარგებლობს და საკუთარ სამხედრო პოტენციალს აღვივებს. საერთოდ, გაუგებარია, რა შესაძლოა საფრთხეებზე აპირებს საქართველო რეაგირების მოხდენას დასავლელ მეგობრებთან ერთად”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.